ნათია მეზვრიშვილი - არასრულწლოვანთა დანაშაულის მიზეზები უფრო კომპლექსურია, ვიდრე ცალკე აღებული ლიბერალური კანონმდებლობა
ნათია მეზვრიშვილი - არასრულწლოვანთა დანაშაულის მიზეზები უფრო კომპლექსურია, ვიდრე ცალკე აღებული ლიბერალური კანონმდებლობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო უწყებების მხრიდან არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების გააქტიურების ინიციატივით გამოდის. ამ საკითხზე დღეს „თბილისი მერიოტში“ შეხვედრა გაიმართა, სადაც შსს-მ არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ბოლოს, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შსს-მ არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ანგარიში წარმოადგინა და გაუზიარა სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს. პრობლემა არის საკმაოდ კომპლექსური, რომელსაც სჭირდება კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართულებით, იმისთვის, რომ არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ და პრობლემები მოვაგვაროთ. უფრო მეტი პრევენციული ღონისძიება უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რადგან ამ ნაწილში პრევენცია შსს-ს ყველაზე ნაკლებად ეხება, არამედ სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან, როგორიც არის მაგალითად, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, კანონის გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის მიზეზები უფრო კომპლექსურია, ვიდრე ცალკე აღებული ლიბერალური კანონმდებლობა.

ამასთან, მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ გასააქტიურებელია მუშაობა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით და დასახვეწია რეფერირების მექანიზმი.

„მოვუწოდეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ამ მიმართულებით რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები ჩადონ. ბუნებრივია, არ იგულისხმება მხოლოდ ფინანსური, არამედ მთელი ის ექსპერტული ცოდნა, რაც აქვთ, რომ მოახმარონ ამ მიმართულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ფონზე, როდესაც გაზრდილია არასრულწლოვნებს შორის დანაშაული, ძირითადად ეს გახლავთ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული – თუ ამ მიმართულებით ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ჩვენ მომავალში აუცილებლად მივალთ იმ ეტაპამდე, როდესაც კანონის გამკაცრება მოუწევს სახელმწიფოს. პირადად მე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ და ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ.

კანონის გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის მიზეზები უფრო კომპლექსურია, ვიდრე ცალკე აღებული ლიბერალური კანონმდებლობა. გასააქტიურებელია მუშაობა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით, დასახვეწია რეფერირების მექანიზმი. როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მოზარდი მოდის, უკვე ჩადენილ დანაშაულთან გვაქვს საქმე, შესაბამისად, საკითხის ასე დასმა, როგორი უნდა იყოს ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება, როდესაც არასრულწლოვნებზე ვსაუბრობთ – არასწორია. უფრო სწორია დავსვათ კითხვა, რა უნდა გაკეთდეს, რათა დანაშაული არ ჩაიდინონ არასრულწლოვნებმა. უწყებები შეიკრიბებიან, უკვე განისაზღვრება კონკრეტული გეგმა და უწყებების მხრიდან ამ მიმართულებით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.