ნათია მეზვრიშვილი - არ ვითანამშრომლებთ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელსაც ექნება რადიკალური დღის წესრიგი, ეს ჩვენთვის მიუღებელია
ნათია მეზვრიშვილი - არ ვითანამშრომლებთ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელსაც ექნება რადიკალური დღის წესრიგი, ეს ჩვენთვის მიუღებელია

ჩვენი პოლიტიკური პარტია იქნება ცალსახად მომავალზე ორიენტირებული პარტია, რომლის მთავარი მიზანი იქნებ, რომ მაქსიმალურად ყურადღება მივაქციოთ ჩვენს მოქალაქეებს და მათ საჭიროებებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახალი პოლიტიკური გაერთიანების წევრებს აერთიანებთ საერთო ხედვები და ღირებულებები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით.

„ჩემთვის პირადად საამაყოა ის ფაქტი, რომ დღეს აქ ამ გუნდთან და პირველ რიგში ბატონ გიორგი გახარიასთან ერთად ვიდექი. გადაწყვეტილება მივიღე ძალიან მარტივი მიზეზის გამო; ჩვენ გვაერთიანებს პირველ რიგში ღირებულებები, ხედვები სახელმწიფოს და ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. ამ ერთიანობამ მოგვიყვანა დღეს აქ.

დღეს დავაფუძნეთ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“. ჩვენი პოლიტიკური პარტია იქნება ცალსახად მომავალზე ორიენტირებული პარტია, მთავარი მიზანი იქნება ის, რომ მაქსიმალურად ყურადღება მივაქციოთ და ჩვენი სამუშაო დროის ძალიან დიდი ნაწილი დავუთმოთ ჩვენს მოქალაქეებს, იმ საჭიროებებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ის რადიკალური პროცესები, რომელიც დღეს სამწუხაროდ ქვეყანაში არსებობს, რომელ პროცესებშიც სამწუხაროდ წვლილი შეაქვს როგორც მმართველ გუნდს, ისე ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს, მაქსიმალურად ვეცადოთ, ამისგან განსხვავებით მოქალაქეთა ძირითად საჭიროებებზე გავაკეთოთ აქცენტი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, პარტიის წევრებისთვის მიუღებელია კორუფცია და ნეპოტიზმი და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ამ გამოწვევებთან ბრძოლა იქნება.

„გიორგი გახარიას ძალიან ცალსახა პოზიცია ჰქონდა ყოველთვის კორუფციასა და ნეპოტიზმთან დაკავშირებით. თამამად შემიძლია, განვაცხადო, რომ ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც მე, ცალკე აღებული ნათია მეზვრიშვილი, დღეს მის გვერდით ვდგავარ და მასთან ერთად მთელი ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი, გახლავთ სწორედ მისი დამოკიდებულება კორუფციასა და ნეპოტიზმთან დაკავშირებით. მისი გუნდის წევრებს თუ გადახედავთ და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით იღებს ადამიანების სამსახურში, ასე ვარ მოხვედრილი მეც. ასე არის მოხვედრილი ჩვენს გუნდში უამრავი ადამიანი. ჩვენთვის მიუღებელია კორუფცია, მიუღებელია ნეპოტიზმი და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენი პარტიის სწორედ ეს იქნება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამასთან, ნათია მეზვრიშვილმა უპასუხა კითხვას – გამორიცხავს თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას. მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ არ ითანამშრომლებს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან რომელსაც ექნება რადიკალური დღის წესრიგი.

„რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, ზოგადად, არ ვითანამშრომლებთ ალბათ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელსაც ექნება რადიკალური დღის წესრიგი, რადგან ეს ჩვენთვის მიუღებელია. ვთვლით, რომ ამას ქვეყანა მიჰყავს უკან. ამ რადიკალიზმით ჩვენ ვტკეპნით ერთ ადგილს. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანა წავიყვანოთ წინ. რადიკალიზმში ვგულისხმობთ იმ პროცესებს, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში ადგილი ჰქონდა, რამაც ქვეყანა უკან დახია და რამაც ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დატოვე კომენტარი