ნათია მეზვრიშვილი - არ შეიძლება, სამართალდამცველების სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუმორჩილებლობა მხოლოდ 250 ლარით ისჯებოდეს
ნათია მეზვრიშვილი - არ შეიძლება, სამართალდამცველების სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუმორჩილებლობა მხოლოდ 250 ლარით ისჯებოდეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არ შეიძლება, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა 250 ლარით ისჯებოდეს.

ჟურნალისტებთან საუბარში ნათია მეზვრიშვილმა ყურადღება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ პროექტი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

„გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში საკითხზე საუბარი სწორად არ მიმაჩნია, რადგან რაღაც ახალი სამართალდარღვევა არ გამოგვიგონია. ეს არსებული სამართალდარღვევაა, რომელსაც დიდი, ხანია “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი” ითვალისწინებს.

უბრალოდ, ჯარიმის ოდენობას ვამკაცრებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ 250-ლარიანი სანქცია მინიმალური ჯარიმაა და ჩადენილი ქმედების ადეკვატური არ არის. არ შეიძლება, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა 250 ლარით ისჯებოდეს.

სანქციის გაზრდის შემთხვევაში, ეს უფრო მეტად შემაკავებელი იქნება ამგვარი ქმედებების ჩადენისას. ოპონენტების მოსაზრებებია, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ყოველთვის კეთილსინდისიერად არ მოქმედებენ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ მიმართულებით შსს რეფორმებს ახორციელებს და გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

სამხრე კამერებს ვყიდულობთ, რომელიც პოლიციელებს ექნებათ დამონტაჟებული. ასევე, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ტექნოლოგიებს ვათავსებთ, რათა გაცილებით უფრო მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ იზოლატორებში შეასახლონ დაკავებული პირები. ამ საკითხს დეპუტატები კრიტიკით მოეკიდნენ, რაც გაუგებარია“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.