ნათია მეზვრიშვილი - არ მგონია, სააკაშვილს ჰქონდეს გამბედაობა, საქართველოში მართლა ჩამოვიდეს, რადგან მას ელოდება მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა
ნათია მეზვრიშვილი - არ მგონია, სააკაშვილს ჰქონდეს გამბედაობა, საქართველოში მართლა ჩამოვიდეს, რადგან მას ელოდება მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა

არ მგონია, სააკაშვილს ჰქონდეს გამბედაობა, საქართველოში მართლა ჩამოვიდეს, რადგან მას ელოდება მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბრები, რაც მიმდინარეობს სააკაშვილის მხრიდან, მთლიანად არის „ოცნების“ პასუხისმგებლობა, რადგან ეს ხელს უწყობს პოლარიზაციას წინასაარჩევნო კონტექსტში და ძალიან დამაზიანებელია ქვეყნისთვის.

„პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ გამოვიდეს, გაბედოს და განცხადება გააკეთოს, დამალული რომ არის ახლა და რაღაც პოსტთან დაკავშირებითაც განცხადებას ვერ აკეთებს. მეორე, რას ნიშნავს ჩამოვიდა? თუ ჩამოვიდა, სად არის? „ოცნებამ“ ჩამოიყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, თუ არ ვიცი, მართლა თუ ჩამოვიდა, ალბათ „ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელს ჰყავს ახლა შეფარებული და ამიტომ არ გვენახვება. არასერიოზულია ეს ყველაფერი, პირდაპირ გეტყვით. არ მგონია, რომ მას ჰქონდეს გამბედაობა, საქართველოში მართლა ჩამოვიდეს, რადგან მას ელოდება მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ „ოცნება“ გაბედავს და მართლმსაჯულებას აღასრულებს მისი მისამართით, რადგან მას ძალიან მძიმე დანაშაულებში ედება ბრალი და განაჩენია გამოტანილი. თუ ის მართლა ჩამოვიდა, ამაზე მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას“, ჩამოვიდა ან ჩამოვა, მთლიანად, პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას“, რომელსაც არ ჰყოფნის უნარი და არც კომპეტენცია. საერთოდ ეს საუბრები, რაც მიმდინარეობს სააკაშვილის მხრიდან, მთლიანად არის „ოცნების“ პასუხისმგებლობა. ეს ხელს უწყობს პოლარიზაციას წინასაარჩევნო კონტექსტში და ძალიან დამაზიანებელია ქვეყნისთვის. პასუხისმგებლობა ეკისრება ორივეს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.