ნათია იოსელიანი - ამომრჩეველი ხმას აძლევს ხმის მიცემის კაბინაში დამოუკიდებლად, მას დახმარება თუ დასჭირდება, უნდა მიმართოს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც მომდევნო ამომრჩეველს სთხოვს, დაეხმაროს
ნათია იოსელიანი - ამომრჩეველი ხმას აძლევს ხმის მიცემის კაბინაში დამოუკიდებლად, მას დახმარება თუ დასჭირდება, უნდა მიმართოს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც მომდევნო ამომრჩეველს სთხოვს, დაეხმაროს

კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველი ხმას აძლევს ხმის მიცემის კაბინაში დამოუკიდებლად. იმ შემთხვევაში, თუ მას დახმარება დასჭირდება, უნდა მიმართოს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და მომდევნო ამომრჩეველს სთხოვს, დაეხმაროს. თუ ამასთან დაკავშირებით არის საუბარი, ამ შემთხვევაში, ეს კანონმდებლობის დარღვევა არ გახლავთ, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანი გამოეხმაურა „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მარნეულში ერთ-ერთ უბანზე, საარჩევნო კაბინაში ორი ადამიანი დააფიქსირეს.

ნათია იოსელიანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, კანონით აკრძალულ ქმედებას ნუ მიმართავენ.

„იმ შემთხვევაში, თუ სხვა ფაქტთან არის დაკავშირებული, კიდევ ერთხელ მივმართავთ როგორც ამომრჩევლებს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ნუ გააკეთებენ მსგავს ქმედებას, ეს კანონით აკრძალულია“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

რაც შეეხება პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებას, რომ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრების დაწერის უფლებას არ აძლევენ, იოსელიანმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ფაქტებზე მათ მყისიერი რეაგირება აქვთ.

„საჩივრებზე უნდა იყოს რეაგირება. ასეთი ტიპის ფაქტებზე ჩვენ გვაქვს დაუყოვნებლივ რეაგირება“, – აღნიშნა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, დღეს პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ თელი ქვეყნის მასშტაბით პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 40-მდე საჩივარი. მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში, მათ ხელს უშლიან ამ მოთხოვნის დაფიქსირებაში.