გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ შეეცდებით ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას, დაანებეთ თავი სტანდარტული ხრიკების გამოყენებას
გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ შეეცდებით ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას, დაანებეთ თავი სტანდარტული ხრიკების გამოყენებას

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს.

მისი თქმით, მოქალაქეებისთვის ბიულეტენის გადაცემის დროს, ხდება ბიულეტენის უხეშად მოხევა, რა დროსაც ბიულეტენზე აღარ იკითხება მათი საარჩევნო ნომერი.

გარდა ამისა, ვაშაძის განცხადებით, მარნეულში ერთ-ერთ უბანზე, საარჩევნო კაბინაში ორი ადამიანი დააფიქსირეს.

„მინდა ჩამოვთვალო დარღვევების კატეგორიები. პირველ რიგში, ეს არის ყველაზე საგანგაშო დარღვევა. ბიულეტენის მოხევის დროს, ჩვენ ვართ პირველი ნომერი და პირველი ნომერი რჩება ე.წ. ყუაზე, ანუ ისე ახევენ, რომ ფიზიკურად ვერ შემოხაზავს ადამიანი პირველ ნომერს. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ, მოითხოვოთ ბიულეტენის გამოცვლა და ეს აუცილებელია. ბიულეტენი ყველა შემთხვევაში ბათილი იქნება.

ამასთან, შემდეგი კატეგორიის დარღვევები რაც არის და ფიქსირდება არის ფარულობის დარღვევა და ჩვენ შეგვიძლია, კადრები გაჩვენოთ, როგორ ხდება საარჩევნო ჯიხურის გარეთ ხელმოწერა. პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ არის შემთხვევები, როცა კომისიის წევრები პირდაპირ არიან ჩართული და ეუბნებიან, რომ მხარი დაუჭირონ მმართველ პარტიას. ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს საჩივრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. საუბნო საარჩევნო კომისიები უარს ამბობენ საჩივრების მიღებაზე. ასეთი შემთხვევები გვაქვს კრწანისის ოლქში, 25-ე უბანზე, ასევე რეგიონებში, ბათუმში ვაზუსტებთ ამ ინფორმაციას, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, გვიწევს შემდეგ საჩივრების ოლქებში მიტანა, რომ დარეგისტრირდეს. უკვე ოთხი ასეთი საჩივარია ოლქებში, დანარჩენი გზაშია“, – განაცხადა ვაშაძემ.

გარდა ამისა, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მანგლისში, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ მიხეილ დემეტრაშვილს დაემუქრნენ, რომ შეწყვიტოს კამპანია და მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“.

„ამის ვიდეოჩანაწერი მიხეილმა თავადაც გააკეთა და ამაში ჩართული იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ შეეცდებით ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას, დაანებეთ თავი სტანდარტული ხრიკების გამოყენებას, ბიულეტენის არასწორად მოხევას და ასე შემდეგ, რომელიც ფიქსირდება ჩვენს ამომრჩევლებზე კომისიის წევრების მხრიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, პარტია ყველაფერს გააკეთებს, რათა ხალხის ხმის მშვიდობიანი ტრანსფორმაცია მოხდეს, „ოცნებამ“ დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და მშვიდობიანად მივიდეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე.

„დღეს უნდა ვფოკუსირდეთ არჩევნებზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მივიდეთ და არჩევანი დავაფიქსიროთ. „მესამე ძალა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ნომერი ერთი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხალხის ხმის, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება ცვლილებების სასარგებლოდ, რომ მშვიდობიანი ტრანსფორმაცია მოხდეს, „ოცნებამ“ დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და მშვიდობიანად მივიდეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. რაც შეეხება აქციას, აქციის გამართვის უფლება აბსოლუტურად ყველას აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.