ნათია გედენიძე - შვიდი წლის წინ მსჯავრდებულები გავხდით, ახალი გარემოებებით კი დაზარალებულები ვართ
ნათია გედენიძე - შვიდი წლის წინ მსჯავრდებულები გავხდით, ახალი გარემოებებით კი დაზარალებულები ვართ

შვიდი წლის წინ მსჯავრდებულები გავხდით, ახალი გარემოებებით კი დაზარალებულები ვართ, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა ნათია გედენიძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის გადასინჯვის ფარგლებში შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს.

„ზუსტად შვიდი წლის წინ, იძულებით მიცემული ჩვენების სანაცვლოდ, მსჯავრდებულები გავხდით, ახალი გარემოებებით კი დაზარალებულები ვართ“, – განაცხადა ნათია გედენიძემ.

სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავს, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით, დამნაშავედ სცნეს.

მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. პროკურატურამ საქმე 2016 წლის ივნისში გახსნა. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია მსჯავრდებული. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს.