ნათია გედენიძე - დიდი იმედი მაქვს საზოგადოების გამჭრიახობის, აღარ გვინდა ძალადობა 
ნათია გედენიძე - დიდი იმედი მაქვს საზოგადოების გამჭრიახობის, აღარ გვინდა ძალადობა 

როგორც დაზარალებულმა, როგორც დედამ, თავი მოვალედ ჩავთვალე, ჩემი ტკივილი შევახსენო საზოგადოებას, დიდი იმედი მაქვს საზოგადოების გამჭრიახობის, აღარ გვინდა ძალადობა, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა ნათია გედენიძემ განაცხადა.

როგორც ნათია გედენიძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს ყველა მესამე ოჯახი პრობაციონერის პატრონი იყო.

„მე უბრალოდ თავი მოვალედ ჩავთვალე, არამარტო დაზარალებულმა, როგორც დედამ, როგორც ქალმა, საზოგადოებას შევახსენო ჩემი ტკივილი, ჩემი ქეისი, რომელიც ჩვენს ოჯახში დატრიალდა. საზოგადოების გამჭრიახობის დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი სწორად განსაზღვრავენ, რა გველოდება, თუ ხელს შევუწყობთ, დაბრუნდეს ის რეჟიმი, იმ ფორმით, რა ფორმითაც, ცოტა ხნის წინ გავიდა ჩვენგან. ვერავის ვასწავლი ჭკუას. მინდა, რომ ჩაიხედონ არქივში, გაიხედონ მომავლისკენ და არ დაუბრუნდნენ ავბედით წარსულს. ყოველი მესამე ოჯახი იყო პრობაციონერის პატრონი, ყველა მესამე ოჯახმა მინიმუმ უნდა გაიხსენოს, რომ აღარ გვინდა ძალადობა, არ მივცეთ საშუალება, რომ ის რეჟიმი დაუბრუნდეს საზოგადოებას და იგივე მეთოდებით აწარმოონ ქვეყნის მართვა”, – განაცხადა ნათია გედენიძემ.

ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. ამის საფუძველზე, მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვს.

სწორედ ახალი გამოძიების საფუძველზე, ფოტოგრაფების დაკავების საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია მსჯავრდებული. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს.

დატოვე კომენტარი