ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე არ გამორიცხავენ, სახელმწიფოსგან მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ
ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე არ გამორიცხავენ, სახელმწიფოსგან მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ

ფოტორეპორტიორები, ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე არ გამორიცხავენ, სახელმწიფოსგან მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ.

როგორც გიორგი აბდალაძემ განაცხადა, ფოტოგრაფები იურისტებთან გაივლიან კონსულტაციას და ამის შემდეგ გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისთვის.

„ჯერ განაჩენის დასაბუთებული ნაწილი უნდა მივიღოთ, გავივლით კონსულტაციებს, რა იურიდიული პროცედურებია. პრეცედენტი უნდა შეიქმნას, რომ მსგავს შემთხვევებში სახელმწიფო ვალდებულებას იღებს“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

ნათია გედენიძის თქმით, იურისტებთან კონსულტაციას განაჩენის დასაბუთებული ნაწილის ჩაბარების შემდეგ გაივლიან.

„შეუძლებელია, რაიმე ფორმით აიწონოს ცრემლის ის რაოდენობა, რომელიც დაიღვარა. რა თქმა უნდა, ეს ზიანი არის აუწონავი, თუმცა, ალბათ, იარსებებს რაღაც სტანდარტები, ამაზე კომპეტენტური ხალხი მოგვცემს მითითებას, დაგვაკვალიანებს და ამ ნაბიჯს გადავდგამთ. ჩვენი მორალური ზიანის ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან იქნება გამოთხოვილი. განაჩენის მიღების შემდეგ გავივლით კონსულტაციებს, როგორ და რა გზით, რა მექანიზმებია ამისთვის აუცილებელი“, – განაცხადა ნათია გედენიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა. სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავდა, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით, დამნაშავედ ცნეს.