შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლისთანავე, ოლიგარქების მიერ მითვისებულ რესურსებს ხალხს დაუბრუნებს
შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლისთანავე, ოლიგარქების მიერ მითვისებულ რესურსებს ხალხს დაუბრუნებს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი პოლიტიკურ პარტიებს „ანტიოლიგარქიული პაქტის“ გაფორმებას სთავაზობს.  მისი განცხადებით, აღნიშნული პაქტის წყალობით, ქართულ პოლიტიკაში არც ერთი მილიონერი აღარ იქნება.

„რამდენიმე ასეულმა ოლიგარქმა, რომლებიც ამავდროულად პოლიტიკაში „მოღვაწეობდნენ“, ჩვენი ქვეყნის ბედნიერება და მომავალი საზღვარგარეთ გაზიდა და მიითვისა. ყველა პარტიას მოვუწოდებ, „ანტიოლიგარქიული პაქტი“ გავაფორმოთ, რათა ქართულ პოლიტიკაში ჩვენი ქონების წასართმევად არასდროს აღარ მოვიდნენ ოქრიაშვილები, ჩხარტიშვილები, ჩოჩელები, ენუქიძეები, ოდიშარიები. მიითვისეს ეროვნული სიმდიდრეები, წარმოების საშუალებები, ეკონომიკა და სწორედ ამ პირამიდის პროდუქტია ბიძინა ივანიშვილი. ის ჩვენს ქვეყანას დამაგვირგვინებელ ეტაპად მოევლინა დაქცევისა და განადგურებისთვის,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლისთანავე, ოლიგარქების მიერ მითვისებულ რესურსებს ხალხს დაუბრუნებს.

„უნდა ვიცოდეთ, რომ ის, რაც ხალხის საკუთრება იყო – პენსიები, სამუშაო ადგილები, ეკონომიკა, სიმდიდრე – კოსმოსში არ გაფრენილა. ეს ყველაფერი ამ ადამიანებმა მიითვისეს, რომლებიც ბოლო 30 წელია საქართველოს მთავრობაში მტაცებლობენ და იმ რაოდენობის ქონება მიაქვთ, რაც ჩვენზე სამჯერ დიდ ქვეყანას ყელამდე აცხოვრებდა.

31 ოქტომბერს, ხელისუფლების შეცვლისთანავე, გადარჩენის ფონდში აღნიშნული რესურსების უკან გადმოქაჩვას შევუდგებით. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რათა ჩვენმა ხალხმა უკან მიიღოს ის, რაც უკანონოდ წაართვეს. ამის უკან დაბრუნებას სჭირდება ხალხზე მოფიქრალი ხელისუფლება, რაზე პრეტენზიაც პირველ რიგში, ჩვენ, თქვენს მონა – მორჩილებს, გვაქვს,“ – განაცხადა ნათელაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური სპექტრი „ანტიოლიგარქიული პაქტის“ გაფორმების თაობაზე მის წინადადებას გაიზიარებს.

„ამ პაქტის მიხედვით, ქართულ პოლიტიკაში აღარასდროს იქნება არც ერთი მილიონერი. ბიზნესს თავისი საფრენი ორბიტა აქვს, ეკონომიკაში მათ კანონების დაცვით უნდა იტრიალონ. არ უნდა მოინდომონ პოლიტიკოსობა და სხვისი ცრემლით საკუთარი ბედნიერების ოკეანე არ უნდა დააგუბონ. ჩვენ დავანგრევთ ყველა დამბას, რომლითაც მათ საკუთარი ბედნიერება დააგუბეს,“ – განაცხადა ნათელაშვილმა.