ნატალია საბანაძე - მოგერინიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები ღრმავდება
ნატალია საბანაძე - მოგერინიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები ღრმავდება

საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ კმაყოფილება გამოხატა იმ ურთიერთობებით, რომელიც არის დამყარებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოგერინიმ განსაკუთრებით აღნიშნა წარმატებულად ჩატარებული ასოცირების საბჭო, ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთან ურთიერთობები ღრმავდება.

„პრეზიდენტმა დასვა საკითხი, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის, ასევე ხაზი გაუსვა ამ მისიის მუშაობასა და მნიშვნელობას. მადლობა გადაუხადა ქალბატონ მოგერინის იმ ჩართულობაზე, რომელსაც ის არსებული დაძაბულობის მოსახსნელად ახორციელებს. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის საკითხს, ამ შეხვედრებზე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ შემცირდეს ეს ნაკადი და საფრთხის შეგრძნება, რომელიც ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს გაუჩნდა, მოიხსნას“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის დღეს შეხვდა.