ნატალია საბანაძე - მნიშვნელოვანია, ევროპულ მაღაზიებში უფრო მეტი ქართული პროდუქტი გაჩნდეს
ნატალია საბანაძე - მნიშვნელოვანია, ევროპულ მაღაზიებში უფრო მეტი ქართული პროდუქტი გაჩნდეს

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის,  ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ნატალია საბანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობის განხორციელება, რათა ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტის მოცულობა გაიზარდოს და ევროპულ მაღაზიებში უფრო მეტი ქართული პროდუქტი გაჩნდეს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტში გამართულ სხდომაზე გამოსვლისას.

„მოხარული ვარ, რომ ევროპარლამენტი დაინტერესებულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებით. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მოხარულები ვართ, თქვენი შეფასების მოსმენით. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, რაც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას, მკაფიოდ და კონკრეტულად წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკურ არჩევანს, რაც არის ევროკავშირში საქართველოს ეტაპობრივი ინტეგრაცია. ამიტომ, ლოგიკურია, რომ ასოცირების შეთანხმებისა ეფექტიანი განხორციელება მთავრობის პრიორიტეტია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისგან ეკონომიკური შედეგების დაუყოვნებლივ მიღება რთულია, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება ქართული ბიზნესისთვის უფრო მარტივს გახდის როგორც ევროპულ, ისე გლობალურ ბაზრებზე გასვლას.

მოხარული ვარ, რომ DCFTA-მ მნიშვნელოვანად შეუწყო ხელი ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას. 2014-2017 წლებში ევროპულ მაღაზიებში ქართული პროდუქტების რაოდენობა გაიზარდა, გაჩნდა ახალი პროდუქტები. აღსანიშნავია, რომ ევროპულ ბაზარზე საქართველოდან გავიდა ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, როგორიცაა თაფლი, შავი ზღვის თევზი, მატყლი და სხვა. მნიშვნელოვანია ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობის განხორციელება ამ მხრივ, რომ მოხდეს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტის მოცულობის ზრდა და ევროპულ მაღაზიებში უფრო მეტი ქართული პროდუქტი გაჩნდეს“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

მისივე თქმით, ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებით, საქართველოს კანონმდებლობა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სფეროში მიუახლოვდა ევროკავშირის 72 სამართლებრივ აქტს.

„ეს საშუალებას გვაძლევს, უზრუნველვყოთ სურსათის უვნებლობის მაღალი დონე, ცხოველთა და მცენარეთა დაცვის კონტროლის ეფექტიანი სისტემა. საქართველო ასევე ასრულებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას საბაჟო სფეროში“, – განაცხადა საბანაძემ.

როგორც საქართველოს ელჩმა ევროკავშირში კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განსახორციელებლად კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერით, შეიქმნა სპეციალური ვებპორტალი DCFTA.gov.ge, სადაც თავმოყრილია ყველა საკანონმდებლო აქტი და მეწარმეებისთვის საჭირო ინფორმაცია. როგორც დიპლომატი ამბობს, საქართველო ამაყობს, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგში, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ საქართველო მოწინავე ქვეყნების ათეულში მოხვდა. ამას გარდა, საბანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად ამჟამად ფუნდამენტური სტრუქტურული რეფორმები მიმდინარეობს.