ნატალია საბანაძე - იმედია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეექმნება სრული სურათი, რა ხდება საქართველოში
ნატალია საბანაძე - იმედია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეექმნება სრული სურათი, რა ხდება საქართველოში

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალია საბანაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრება, ასევე გაეცნობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ პროექტს, შეხვდება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მისივე თქმით, აღნიშნული ვიზიტის შემდეგ განსაკუთრებით იმედი აქვთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი მხარდაჭერის.

„ეს შარლ მიშელის პირველი ვიზიტია საქართველოში, ზოგადად რეგიონში. ძალიან გვიხარია, რომ ჩამოდის, რადგან დიდი ხანია, პანდემიის გამო ვიზიტები არ განხორციელებულა. შარლ მიშელი სტუმრობს სამ ასოცირებულ ქვეყანას, რაც ასევე  გზავნილია. ძალიან დატვირთული ერთი დღე ექნება, რომლის ფარგლებში ის გაემგზავრება საოკუპაციო ხაზთან, მოინახულებს ასევე ერთ-ერთ პროექტს, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და შეხვდება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. იმედია, მას შეექმნება სრული სურათი იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში, როგორ მიმდინარეობს განვითარება, მოვლენები. ამ ვიზიტის შემდეგ უფრო იმედი გვაქვს მისი პირადი მხარდაჭერის“, – განაცხად ნატალია საბანაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი დაიწყო. შარლ მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს. ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. შარლ მიშელი ასევე შეხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაემგზავრება საოკუპაციო ხაზთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.