ნატალია საბანაძე - ევროპარლამენტის რეზოლუცია ჩვენთვის ეფექტიანი საშუალებაა, რათა საქართველოს კონფლიქტის თემა იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში
ნატალია საბანაძე - ევროპარლამენტის რეზოლუცია ჩვენთვის ეფექტიანი საშუალებაა, რათა საქართველოს კონფლიქტის თემა იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში

ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ საქართველოს წინააღმდეგ აგრესია გრძელდება და აგრესიას ჰყავს თავისი მსხვერპლი, – ამის შესახებ პირველ არხს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ განაცხადა.

როგორც საბანაძემ განაცხადა, რეზოლუციაში ცალსახა მოწოდებებია რუსეთის მიმართ. მისივე თქმით,  ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ.

„ევროპარლამენტის რეზოლუცია ჩვენთვის ეფექტიანი საშუალებაა, რათა საქართველოს კონფლიქტის თემა იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მთავარია, არ მოდუნდეს რუსეთზე ზეწოლა იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს. ძალიან ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა ამ თემაზე პოზიცია დააფიქსირა. რეზოლუციაში ცალსახა მოწოდებებია რუსეთის მიმართ. ძალიან ძლიერი ტექსტია. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ამბობს, რომ შეფასება უნდა მიეცეს ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ საქართველოს წინააღმდეგ აგრესია გრძელდება და აგრესიას ჰყავს თავისი მსხვერპლი. მსხვერპლი რეზოლუციაში სახელობითაა დასახელებული. რეზოლუცია ემოციურადაც საკმაოდ დატვირთულია. ძალიან მოხარული ვარ და მივესალმები ევროპარლამენტის ძლიერ გზავნილს. ძალიან კარგი იქნება, თუ ევროპარლამენტი ამ მოწოდებას დიპლომატიური არხებით კულუარულადაც დააფიქსირებს. აუცილებელია ტერმინი ოკუპუციის დამკვიდრება ბრიუსელში. საქართველოს მიერ მიღებულმა რეზოლუციამ ევროპარლამენტის მხარდაჭერა მიიღო. საუბარია შესაძლო სიაზე და კონკრეტულ ფასზე, რაც რუსეთის ფედერაციას უნდა დაედოს აგრესიის გაგრძელების გამო“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიიღო. რეზოლუციას ცოტა ხნის წინ ეყარა კენჭი და ხმათა სრული უმრავლესობით დამტკიცდა.

დატოვე კომენტარი