ნატალია საბანაძე - ევროპარლამენტის ბევრმა დეპუტატმა მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, რომ ტერმინ ოკუპაციის გამოყენება უფრო მეტად დამკვიდრდეს
ნატალია საბანაძე - ევროპარლამენტის ბევრმა დეპუტატმა მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, რომ ტერმინ ოკუპაციის გამოყენება უფრო მეტად დამკვიდრდეს

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ანგარიში ძალიან დაბალანსებულია, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აშკარაა, რომ საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია გეგმურად მიდის და არაფერი არ არის გადაჭარბებული.

„ერთ-ერთმა დეპუტატმა ისიც თქვა, რომ მნიშვნელოვანია, მთლიანობაში წავიკითხოთ ეს ანგარიში და არ მოხდეს ამოკრეფა ტექსტიდან. ანგარიშში საუბარია საქართველოს მიღწევებზე. აშკარაა, რომ საქართველოში ასოცირების იმპლემენტაცია გეგმურად მიდის და არაფერი გადაჭარბებული არ არის. ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ჩარჩოში არის წამყვანი და ეს თითქმის ყველა გამომსვლელმა აღნიშნა, მათ გარდა, ვინც ზოგადად ეწინააღმდეგება აღმოსავლეთ პარტნიორობას, როგორც ინიციატივას.

საკმაოდ კარგი მოსასმენი იყო, ბევრმა დეპუტატმა მოუწოდა კომისიას, წევრ სახელმწიფოებს, რომ უფრო მეტად დამკვიდრდეს ტერმინ ოკუპაციის გამოყენება, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი. საუბარია იმ მცდელობებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს, რომ ასოცირებით გათვალისწინებული შედეგი, პროგრესი, სავაჭრო შესაძლებლობები გავრცელდეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე. სამწუხაროდ, ეს ვერ ხერხდება, მაგრამ ამის მცდელობა, სურვილი და ევროკავშირის მხარდაჭერა არის.

ძალიან ბევრი პოზიტიური გზავნილი იყო. ჩვენ ყოველთვის გვინდოდა, გაზრდილიყო ევროპარლამენტის ჩართულობა, რომ ასოცირების იმპლემენტაციისთვის ყურადღება მიექციათ და როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ეს იყო პირველი შემთხვევა ამ წლების განმავლობაში“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა საქართველოს მიმართ ინტერესი და მხარდაჭერა დააფიქსირეს, რასაც აუცილებლად სჭირდება გაფრთხილება. ნატალია საბანაძე იმედს გამოთქვამს, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაგრძელდება, რაც საქართველოზეც არის დამოკიდებული. კერძოდ, ქვეყანამ ევროკავშირის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 13 ნოემბერს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს. ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია.

დატოვე კომენტარი