ნატალია საბანაძე - ევროკავშირთან დიალოგის ახალი უმაღლესი ფორმატი, რომელზეც საქართველო გადადის, იშვიათი და გამონაკლისია
ნატალია საბანაძე - ევროკავშირთან დიალოგის ახალი უმაღლესი ფორმატი, რომელზეც საქართველო გადადის, იშვიათი და გამონაკლისია

რას ნიშნავს ევროკავშირთან დიალოგის ახალი უმაღლესი ფორმატი, რომელზეც საქართველო გადადის და რომლისთვისაც მზადება უკვე დაწყებულია – პირველი სხდომა ახალი ფორმატით 2018 წლის ნოემბერში გაიმართება. შეხვედრის ჩატარების დროზე პირველი განცხადება თბილისში, მიმდინარეწლის მაისში მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

პირველმა არხმა საქართველოს ელჩს ნატალია საბანაძეს აღნიშნულ საკითხზე განმარტება სთხოვა.

„ეს არის შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებისა და დაახლოების კუთხით. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. იქმნება ახალი, უმაღლესი დონის ფორმატი. ეს არის ასოცირების საბჭოზე უფრო მაღალი დონის ფორმატი. ეს ფაქტობრივად არის მთავრობათაშორისი შეხვედრა.

წელიწადში ერთხელ შეიკრიბება ევროკომისია, კომისრები და ამ შეხვედრას უხელმძღვანელებს კომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი. ჩვენი მხრიდან შეხვედრას დაესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები, მინისტრები და შეხვედრას უხელმძღვანელებს საქართველოს მთავრობის მეთაური. შეხვედრის მთავარი მიზანი იქნება ძალიან კონკრეტული გეგმების დასახვა საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად. ფაქტობრივად საუბარია სექტორულ, დარგობრივი მიმართულებით ევროკავშირთან სრულ ინტეგრაციაზე. ამას დასჭირდება დრო. ამ ფორმატის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, იშვიათია და გამონაკლისი. ეს ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თვისობრივად განსხვავებული და მაღალი ხარისხის ურთიერთობებია.

ევროკავშირი აფასებს იმას, რაც საქართველოში ხდება და ხელს უწყობს ქვეყანას მიზნის მიღწევაში, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაა. ამ ეტაპზე არის გარკვეული პირობები, რომლებიც პოლიტიკურ ინტეგრაციას ხელს არ უწყობს, მაგრამ ეს არის მზადება. მზადება იმისთვის, რომ როდესაც პირობები შეიცვლება ჩვენ ვიყოთ მზად“,- განაცხადა ნატალია საბანაძემ.