ნატალია საბანაძე - ბრიუსელში პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, ისაუბროს, რა ღონისძებებს გეგმავს საქართველო უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად
ნატალია საბანაძე - ბრიუსელში პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, ისაუბროს, რა ღონისძებებს გეგმავს საქართველო უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად

ბრიუსელში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, ისაუბროს იმის შესახებ, თუ რა ღონისძებებს გეგმავს საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველომ შეინარჩუნოს უვიზო რეჟიმი და შემცირდეს თავშესაფრის სისტემის ცუდად გამოყენება ჩვენი მოქალაქეების მიერ, – ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ განუცხადა.

ამასთან, როგორც საბანაძემ აღნიშნა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი დატვირთულია შეხვედრებით და არსებობს დიდი მოლოდინიც.

„ძალიან დატვირთული ვიზიტი იქნება. პრეზიდენტი შეხვდება ბატონ იუნკერს, ბატონ ტუსკს, ასევე ევროკომისრებს იმ დარგობრივი მიმართულებებით, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კერძოდ, ტრანსპორტის, განათლების, კულტურის კომისარს, ასევე შეხვდება ქალბატონ მოგერინის. დაგეგმილია შეხვედრა ლუვენის უნივერსიტეტში, რომელსაც აქვს ძველი ტრადიცია საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტთან თანამშრომლობის. იმედი გვაქვს, ეს თანამშრომლობა გაღრმავდება. შეიძლება, საუბარი იყოს საქართველოს სწავლების ცენტრის შექმნაზეც“, – აღნიშნა საბანაძემ.

მისი თქმით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე განსახილველ საკითხთა ძირითადი მიმართულებები იქნება ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობა. როგორც საბანაძემ აღნიშნა, ქართულ დელეგაციას გამოყოფილი აქვს დარგობრივი მიმართულებები სექტორული ინტეგრაციის კუთხით, რაზეც გიორგი მარგველაშვილი შესაბამის კომისრებთან შეხვედრებზე გაამახვილებს ყურადღებას.

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თქმით, რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია, აყენებს საკითხს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდაზე, თუმცა საქართველოსთან უვიზო რეჟიმს ჯერ არაფერი არ ემუქრება.

„საუბარი იქნება საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავებაზე, ასევე მომავალ ტენდენციებზე, რომლებიც ჩვენ ახლა უნდა დავსახოთ, რათა წავიწიოთ წინ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის საკითხს, როგორც ვიცით, რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია, აყენებს საკითხს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდაზე. ეს იქნება განხილვის საგანი, მაგრამ როგორც ადრე, ასევე ახლ, საქართველოსთან უვიზო რეჟიმს ჯერ არაფერი არ ემუქრება. პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, ამ თემაზე ისაუბროს და დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენს პარტნიორებს იმის შესახებ, თუ რა იგეგმება, რა ზომებს გეგმავს საქართველო, რათა საქართველომ შეინარჩუნოს უვიზო რეჟიმი, საქართველოს მოქალაქეებმა, ვინც ამას კეთილსინდისიერად იყენებს, გააგრძელონ უვიზო რეჟიმით სარგებლობა, შემცირდეს თავშესაფრის სისტემის ცუდად გამოყენება ჩვენი მოქალაქეების მიერ“,- განაცხადა ნატალია საბანაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 8-10 მარტს ბელგიაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ევროკომისიაში, ევროკავშირის საბჭოსა და NATO-ს შტაბ-ბინაში გამართავს.