ნატალია ჯალიაშვილმა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე კონფერენცია გახსნა
ნატალია ჯალიაშვილმა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე კონფერენცია გახსნა

ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში არსებული გამოწვევები და მიღწევები და ლანსაროტის კონვენციის ეფექტიანი განხორციელება საქართველოში იყო მთავარი თემები კონფერენციაზე, რომელიც თბილისში მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან თანამშრომლობით გაიმართა.

მრგვალი მაგიდა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ და ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელმა ნატალია ჯალიაშვილმა გახსნეს. სპიკერებმა ხაზი გაუსვეს ლანსატორის კონვენციის და მისი ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას ქვეყანაში ბავშვთა მიმართ სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის პრევენციისა და დაცვის უზრუნველსაყოფად.

ლანსაროტის კონვენციაზე, როგორც ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასა და ძალადობაზე სახელმწიფოს რეაგირების გაძლიერების ინსტრუმენტზე ისაუბრეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და  სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძემ.

ლანსაროტის კონვენცია სახელმწიფოებისგან ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე საერთო რეაგირებას ითხოვს „4 პ მიდგომის“ გამოყენებით, რომელიც გულისხმობს პრევენციას, დაცვას, დევნას და ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას. მრგვალი მაგიდის მიზანს წარმოადგენდა ლანსაროტის კონვენციის გაცნობა შესაბამისი ორგანოებისა და პროფესიონალებისთვის, ეროვნულ დონეზე ამ კონვენციის ეფექტიანი განხორციელების მხარდაჭერა და ამ მიზნით კონკრეტული სახელმძღვანელო მითითებების მიწოდება.

კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებულ ყურადღება დაეთმო ლანსაროტის კომიტეტის მონიტორინგის პირველი რაუნდის შედეგებს, რომელიც ეძღვნებოდა ბავშვების დაცვას იმ სექსუალური ძალადობისგან, რომელსაც ადგილი აქვს  ნდობის წრეში; ასევე – ლანსაროტის კომიტეტის რეკომენდაციების განხორციელების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ ვითარებას. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მონიტორინგის მეორე რაუნდის მიმოხილვა, რომელიც ეძღვნება სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვას საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) საშუალებით.

ევროპის საბჭოს კონვენცია სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბავშვთა დაცვის შესახებ, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “ლანსაროტის კონვენცია”, საქართველოში 2015 წელს შევიდა ძალაში. ლანსაროტის კონვენცია არის ყველაზე ამბიციური და ყოვლისმომცველი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა დაცვას სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან, ამ დანაშაულების პრევენციას და დამნაშავეთა დასჯას. ლანსაროტის კონვენციის განხორციელებით საქართველოს წვლილი შეაქვს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.