ნატალია ილიჩოვას ადვოკატი - არც ერთი საჯარო განცხადება არ მიუთითებს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ბრალეულობაზე
ნატალია ილიჩოვას ადვოკატი - არც ერთი საჯარო განცხადება არ მიუთითებს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ბრალეულობაზე

დავით გარეჯის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 16 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთ-ერთი ბრალდებულის, ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ განუცხადა.

„ამ პროცესზე არაფერი არ გადაწყვეტილა. გავცვალეთ პოზიციები მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარე ამბობს, რომ დაცვის მხარეს არ აქვს საერთაშორისო ექსპერტიზის დანიშვნის უფლება, რაც ერთმნიშვნელოვნად არის ამ ნორმის არაკონსტიტუციურობის დამადასტურებელი. სხდომა 16 თებერვალს ჩაინიშნა. ამ დღეს სასამართლო ყველა ჩვენს შუამდგომლობაზე განიხილავს პოზიციებს“, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას, ივერი მელაშვილის სატელევიზიო განცხადების ახალ მტკიცებულებად დართვის თაობაზე, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ეს მათი უფლებაა.

„ეს მათი უფლებაა, ჩვენც გვაქვს ანალოგიური შინაარსის მტკიცებულება დამატებული. საჯარო განცხადება შესაძლოა იყოს მტკიცებულება. ჩვენც გვაქვს ანალოგიური ინტერვიუები, საჯარო განცხადებები მტკიცებულებად წარმოდგენილი. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. არც ერთი ასეთი მტკიცებულება არ მიუთითებს არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის და არც ბატონი ივერი მელაშვილის ბრალეულობაზე“, – განაცხადა გიორგი მახარაძემ.

დატოვე კომენტარი