ნატალი საბანაძე - პრემიერ-მინისტრი მთავრობის დამტკიცების შემდეგ საგარეო ტურნეს ბრიუსელით იწყებს, რაც კარგად არის აღქმული ბრიუსელში 
ნატალი საბანაძე - პრემიერ-მინისტრი მთავრობის დამტკიცების შემდეგ საგარეო ტურნეს ბრიუსელით იწყებს, რაც კარგად არის აღქმული ბრიუსელში 

პრემიერ-მინისტრი მთავრობის დამტკიცების შემდეგ საგარეო ტურნეს ბრიუსელით იწყებს, რაც კარგად არის აღქმული ბრიუსელში, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ მთავრობის მეთაურის  პირველი სამუშაო ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ნატალი საბანაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი ვიზიტის დროს უმაღლესი დონის წარმომადგენლებს შეხვდება.

„პირველი შეხვედრა ექნება პრეზიდენტ ტუსკთან და თავისთავად, ვიზიტი მნიშვნელოვანია იმით, რომ პრემიერ-მინისტრი მთავრობის დამტკიცების შემდეგ საგარეო ტურნეს ბრიუსელით იწყებს. ეს კარგად არის აღქმული ბრიუსელში. ევროკავშირში ჩვენი პარტნიორების მოლოდინია, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი გააგრძელებს კურსს, რომელიც საქართველოს უკვე დიდი ხანია აქვს აღებული ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. მას ასევე ექნება შეხვედრები პრიორიტეტულ კომისრებთან, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მხრივ, განსაკუთრებით აღვნიშნავ ვაჭრობის კომისარ სესილია მალმსტრომს, რადგანაც საქართველოს აქვს ევროკავშირთან ვაჭრობის ხელშეკრულება. ასევე მოლოდინი არის, რომ პრემიერ-მინისტრი ხაზს გაუსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულება, მისი ზედმიწევნით შესრულება და შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით,“ – განაცხადა ნატალი საბანაძემ.

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით 18-20 ივლისს ბრიუსელს ეწვევა.

ნატალი საბანაძის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.