ნატახტარი-ქუთაისი-ნატახტარის მიმართულებით შესაძლოა ავიარეისი დაინიშნოს
ნატახტარი-ქუთაისი-ნატახტარის მიმართულებით შესაძლოა ავიარეისი დაინიშნოს

ნატახტარიდან ქუთაისის მიმართულებით შესაძლოა ავიარეისები დაინიშნოს.

ავიაკომპანია „აკ-ეარ ჯორჯიას“ (AK-AIR GEORGIA) აქციონერის, ამირან მანჯავიძის განცხადებით, ახალი ავიარეისის დანიშვნაზე მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე მიმდინარეობს და ეს შესაძლოა, საქართველოში ე.წ. კოდშეარინგის პირველი პრეცედენტი გახდეს.

„ამ ეტაპზე, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ეკონომიკის სამინისტროსთან. გვინდა, დაინიშნოს რეისი ნატახტარი-ქუთაისი-ნატახტარის მიმართულებით. დაბალბიუჯეტიანი საერთაშორისო ფრენები ქუთაისის მიმართულებით ძალიან ვითარდება და ვფიქრობთ, საინტერესო იქნება ეს ავიარეისი როგორც ჩამომსვლელი ტურისტებისთვის, რომ სწრაფად გადმოვიდნენ თბილისის მიმართებით, ასევე თბილისიდან ქუთაისში წამსვლელი მგზავრებისთვის. რა თქმა უნდა, არ არის კომფორტული ავტობუსით ან მანქანით ოთხსაათიანი მგზავრობა. საკითხი დავაყენეთ,  მთავრობაც გვიჭერს მხარს და ალბათ უახლოეს მომავალში რეისი დაინიშნება. პირველი „კოდშეარინგი“ იქნება ნატახტარი-ევროპის ქალაქები“, – განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ ამირან მანჯავიძემ.

მისი თქმით, განიხილება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგიონის ქვეყნებში ფრენის დაწყებაც, მოთხოვნა არის სოჭის, ერევნის,  ტრაპიზონისა და რუსეთის ქალაქების მიმართულებით.

„ასეთი ახალი მიმართულებების გახსნას საკმაოდ დიდი ბიუროკრატიული მუშაობა სჭირდება, ამიტომ ვფიქრობთ, აღნიშნული რეისები მომავალი წლიდან დაინიშნება“, – განუცხადა ამირან მანჯავიძემ „ბიზნესპარტნიორს“.