ნატა საბანაძე - მედოევის ბრიუსელში ვიზიტი არაფერს ნიშნავს
ნატა საბანაძე - მედოევის ბრიუსელში ვიზიტი არაფერს ნიშნავს

ევროპარლმენტში იმართება სპეციალური ღონისძიება, რომელიც რეალურად ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული უფრო არის, ვიდრე საქართველოს წინააღმდეგ, –  ასე ეხმაურება
საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატა საბანაძე ევროპარლამენტში მიმდინარე ფორუმს, რომელშიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი მონაწილეობს.

საბანაძემ მედოევის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ეს არაფერს ნიშნავს”.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მედოევი ფორუმზე ევროპარლამენტარმა ტატიანა ჟდანოკამ მიიწვია, ბელგიაში საქართველოს ელჩის თქმით, ეს გასაკვირი არავისთვისაა. ელჩის განცხადებით, ჟდანოკა პრორუსული პოზიციით გამოირჩევა და  ევროპარლამენტში რუსული ინტერესების გამტარებელია.

“ქალბატონი ჟდანოკა ამ ფორუმის ასე ვთქვათ, სულის ჩამდგმელია. მას არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი ღონისძიებები უკრაინის შემთხვევაში, საქართველოს შემთხვევაში. ის, ასე ვთქვათ, რუსული ინტერესების გამტარებელია, გამოირჩევა პრორუსული, ანტიევროპული პოზიციით და  ევროპარლმენტში საკმოდ ცნობილია ამით”, – განაცხადა ნატა საბანაძემ. 

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის გარდა, ევროპარლამენტარების უმრავლესობის შეხუდულებებზეც ისაუბრა. როგორც ნატა საბანაძემ აღნიშნა, ევროპარლამენტარები აღნიშნულ ღონისძიებას ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულს უწოდებენ.

“შეგიძლიათ გაესაუბროთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც აბსოლუტურად არ იზიარებენ ჟდანოკას პოზიციას. ისინი აფასებენ ამ ღონისძიებას, როგორც ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულს, როგორც რუსეთის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას ევროპარლამენტში”, – აღნიშნა ნატა საბანაძემ. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ევროპარლამენტში მიმდინარე ფორუმში სახელწოდებით “ევროკავშირი-2017, რუსეთი-1917: კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის” მონაწილეობს.