ნატა მენაბდე - დანია მხარს უჭერს ყველანაირად საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ მასშტაბში ინტეგრაციას
ნატა მენაბდე - დანია მხარს უჭერს ყველანაირად საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ მასშტაბში ინტეგრაციას

დანიას და საქართველოს, რასაკვირველია, დიდი პარტნიორობა და თანამშრომლობა აკავშირებთ, მაგრამ დანია ყოველთვის თავშეკავებული იყო თავის გამოთქმებსა და მხარდაჭერაში. ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან დინამიკურად განვითარდა ეს ურთიერთობები და მას შემდეგ, რაც წელს საელჩო გახსნეს, საქართველო არის ერთ-ერთი მაღალი პრიორიტეტულობის ქვეყანა დანიის საერთაშორისო თანამშრომლობაში, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა დანიასა და ისლანდიაში, ნატა მენაბდემ განაცხადა.

ელჩის თქმით, დანიამ შეიმუშავა თავდაცვის დარგში საქართველოსთან სპეციალური თანამშრომლობის ოთხწლიანი პაკეტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან ხაზგასმით არის გამოხატული საქართველოს მხარდაჭერა მათ მთავარ სტრატეგიულ დოკუმენტებში, როგორიც არის თავდაცვის და საგარეო ურთიერთობის პოლიტიკის დოკუმენტები და ა.შ. საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მმართველი კოალიციის სამი პარტიიდან ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გავლენები, არის ყოფილი პრემიერი და არის ძალიან ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, რომელსაც კარგად ესმის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების სირთულე, პრაგმატულად უდგება ამას და აშკარად აქვს გამოცხადებული, რომ იდეალისტური პოლიტიკიდან, როდესაც სხვებს ვეუბნებოდით, რა უნდა გააკეთონ და როგორები უნდა იყვნენ, გადასულები ვართ პრაგმატულ პოლიტიკაზე, როდესაც გვესმის, რომ გამოწვევები არის ზოგჯერ ისეთი, რომელსაც ვერ ვიგებთ და ვერც ვეხმარებით ქვეყნებს, ამიტომ უნდა მივიღოთ ამ ქვეყნების პოზიციონირება და ვეცადოთ, შევუწყოთ ხელი მათი მიზნების მიღწევაში“, – განაცხადა მენაბდემ.

მისი თქმით, დანია ცალსახად აღიარებს, რომ საქართველოც, უკრაინაც და მოლდოვაც არიან ის ქვეყნები, რომლებიც თვითონ ევროგაერთიანებას და ევროკავშირს ძალიან სჭირდება.

„ამიტომ ის თვლის, რომ საქართველოში უსაფრთხოება, რასაკვირველია, დაკავშირებულია ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასთან. დანიამ შეიმუშავა თავდაცვის დარგში საქართველოსთან სპეციალური თანამშრომლობის ოთხწლიანი პაკეტი, წელს პირველად გაჟღერდა ეს. მე ერთი კვირის წინ ვიყავი საქართველოში და დანია-საქართველოს ერთობლივი თავდაცვის დარგში პირველი კონფერენცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ დანია მხარს უჭერს ყველანაირად საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ მასშტაბში ინტეგრაციას. თუმცა, რასაკვირველია, საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ამ გაწევრიანებას ხელს უწყობს. ერთი კარგი რამ, რაც დანიიდან მოდის და ახალი ინიციატივაა, რომელიც ვილნიუსის სამიტზე დაიწყო, დანიამ მოუყარა თავი სკანდინავიურ ქვეყნებს და იყო საქართველო-სკანდინავიური დიალოგის ფორმატში ურთიერთობები. ესეც კარგია, რადგან გვეხმარება ამ სკანდინავიურ ფორმატში. საგარეო საქმეთა მინისტრი მოიწვიეს და ნოემბერში ჩამოვა სწორედ ამ გადაწყვეტილებების წინა პერიოდში. ყველაფერი დაგეგმილია ისე, რომ დანია მაქსიმალურად დაგვიჭერს მხარს. დანია არის მნიშვნელოვანი ქვეყანა ნატო-ს კონტექსტში, რადგან ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეს ალიანსი ჩამოაყალიბა. ახლა, როდესაც მეტი სკანდინავიური ქვეყანა გაერთიანდა, ფინეთი და შვედეთი, დანიის პოზიციონირებაც იცვლება, ისინი თვლიან, რომ სკანდინავიური ფუნდამენტი ძლიერდება ნატო-ში და ამას მიესალმებიან. ამ პლატფორმიდანაც უნდათ, რომ საქართველომ იხეიროს ამ თვალსაზრისითაც. ყველაფერი ესმით, რომ დიდი ხანია ველოდებით, რომ საქართველომ არნახული რეფორმები განახორციელა ამ 30 წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებლობა დაიბრუნა ქვეყანამ და ყველანაირად მხარში გვიდგანან“, – განაცხადა მენაბდემ.