ნასამ COVID-19-ის პაციენტებისთვის მასობრივი წარმოების რესპირატორი შექმნა
ნასამ COVID-19-ის პაციენტებისთვის მასობრივი წარმოების რესპირატორი შექმნა

ნასას ინჟინრებმა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის მასობრივი წარმოების რესპირატორი შექმნეს, რომელიც შესაძლოა, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ უკვე დაამტკიცოს.

რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის ჯგუფმა რესპირატორი 37 დღეში დააპროექტა და ააწყო.  რესპირატორი, სახელად VITAL-ი (Ventilator Intervention Technology Accessible Locally-ის აკრონიმი) იყენებს კორონავირუსისთვის საჭირო რესპირატორის ნაწილების მხოლოდ ერთ-მეშვიდედს. შესაბამისად, მისი მასობრივი და სწრაფი წარმოება გაცილებით მარტივი იქნება.

იმისათვის, რათა რესპირატორი საავადმყოფოებში უფრო სწრაფად მოხვდეს, ნასას ადმინისტრატორები აცხადებენ, რომ მას თავისუფალ ლიცენზიას მიანიჭებენ. ეს კი საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს COVID-19-ის პაციენტთა შემდეგი ნაკადისთვის მომზადების საშუალებას მისცემს; შემდეგ ტალღას ექსპერტები ქვეყანაში კარანტინის მოხსნის შემდეგ ვარაუდობენ.

„ინტენსიური თერაპიის აღჭურვილობა განკუთვნილია COVID-19-ის იმ პაციენტთათვის, რომლებსაც ძლიერ დინამიკური რესპირატორები სჭირდებათ. VITAL-ის მიზანია, შეამციროს პაციენტების გადასვლის ალბათობა დაავადების ასეთ მძიმე ეტაპზე“, — ამბობს ნასას უფროსი სამედიცინო ოფიცერი, დოქტორი ჯიდი პოლკი.

რესპირატორის პროტოტიპი ნიუ-იორკის მაუნთ-სინაის აიკაჰნის სამედიცინო სკოლაში გატესტეს.

ნასას რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის ასოცირებული დირექტორის, დეივ გალაგერის განცხადებით, ტესტირებამ ბრწყინვალე შედეგი აჩვენა.

ჯგუფმა რესპირატორების გადაუდებელი გამოყენების აპლიკაცია უკვე შეავსო სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში და მის დამტკიცებას უახლოესი 48 საათის განმავლობაში ვარაუდობს.

იმის გამო, რომ VITAL-ი უფრო ნაკლები ნაწილებისგან შედგება, ტრადიციული რესპირატორებისგან განსხვავებით, მისი წარმოება გაცილებით სწრაფად არის შესაძლებელი, მოვლა კი უფრო მარტივია. ამ ნაწილების უმეტესობის მარაგი პოტენციურ მწარმოებლებს უკვე აქვთ. მოქნილი დიზაინის გამო, შესაძლებელია მისი მოდიფიცირება და საველე საავადმყოფოებში გამოყენებაც.

სხვა რესპირატორების მსგავსად, VITAL-ის ჟანგბადის მილიც პაციენტის სასუნთქ გზაში თავსდება. აღსანიშნავია, რომ ნასას ახალი მოწყობილობა სამუდამოდ ვერ ჩაანაცვლებს საავადმყოფოების ამჟამინდელ რესპირატორებს, რომლებიც წლობით ძლებს და შექმნილია ფართო სპექტრის სამედიცინო გამოყენებისთვის. VITAL-ის გამძლეობის ვადა 3-4 თვეა და განკუთვნილია სპეციალურად COVID-19-ის პაციენტებისთვის.

მომზადებულია jpl.nasa.gov-ის მიხედვით.