NASA-ს თითქმის გამორჩა გიგანტური ასტეროიდი, რომელმაც დედამიწას უკიდურესად ახლოს ჩაუარა
NASA-ს თითქმის გამორჩა გიგანტური ასტეროიდი, რომელმაც დედამიწას უკიდურესად ახლოს ჩაუარა

მაშინ, როცა მსოფლიო თავის საქმეებით იყო გართული, ჩვენს პლანეტას გიგანტურმა ასტეროიდმა ჩაუარა.

NASA-ს მეცნიერებმა ასტეროიდი დედამიწასთან გადაფრენამდე მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე, არიზონის ობსერვატორიიდან შენიშნეს.

დაფიქსირებიდან 21 საათის შემდეგ, ასტეროიდი 2018 GE3 დედამიწასთან კიდევ უფრო ახლოს მოვიდა.

106 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა ასტეროიდმა ჩვენს პლანეტას დედამიწასა და მთვარეს შორის არსებული მანძილის ნახევარზე ჩაუარა.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს დაშორება არც თუ ისე ახლოს მოგეჩვენოთ, კოსმოსური თვალსაზრისით, უკიდურესად ახლო მანძილია.

სიტუაცია განსაკუთრებით შემზარავი ხდება, თუ გავითვალისწინებთ ასტეროიდის ზომას.

თითქოს უცნაური არაფერია, რადგან მეცნიერები კვირაში ერთხელ ან ორჯერ ამჩნევენ ასტეროიდებს, რომლებიც დედამიწასთან მთვარეზე ახლოს მოდიან.

თუმცა, ეს ასტეროიდები როგორც წესი, დაახლოებით ავტობუსის ან სახლის ზომისაა, ასტეროიდი 2018 GE3 კი საფეხბურთო სტადიონის ზომის იყო.

NASA-ს შეფასებით, მისი სიგანე 47-100 მეტრს შორის იყო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასტეროიდი 3,6 ჯერ აღემატებოდა ე. წ. ტუნგუსკის მეტეორიტს, რომელიც 1908 წელს ციმბირში ჩამოვარდა და 2000 კვადრატული კილომეტრის ტყის მასივი სრულიად გაანადგურა.

გარდა ამისა, დაცემის შემთხვევაში, ამ ასტეროიდს 185-ჯერ მეტი ენერგია ექნებოდა, ვიდრე ჰიროსიმაში ჩამოგდებულ ატომურ ბომბს.

NASA-ს ვებგვრდზე ტუნგუსკის მოვლენა შემდეგნაირადაა აღწერილი:

„წარმოიდგინეთ, სოფელ ვანავარაში, სავაჭრო დახლთან კაცი სკამზე ზის. უცბად ის სკამიდან გადავარდება და ისეთ სიცხეს იგრძნობს, თითქოს მის მაისურს ცეცხლი ეკიდოს. ასეთი ეფექტი ექნებოდა ტუნგუსკის მეტეორიტს ჩამოვარდნიდან 64 კილომეტრის მოშორებით, მიწის ზედაპირზე“.

ალბათ ადვილი წარმოსადგენია, რამდენად კატასტროფული შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ასტეროიდ 2018 GE3-ის დედამიწაზე დაცემას.

„2018 GE3-ის დედამიწაზე ჩამოვარდნას მოჰყვებოდა რეგიონული და არა გლობალური კატასტროფა. შესაძლოა, ატმოსფეროში შემოჭრისას ნამსხვრევებადაც დაშლილიყო“, — იუწყება SpaceWeather.com

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენ სიურპრიზს შეიძლება ველოდოთ კოსმოსური კლდეებისგან. ასტეროიდი 2018 GE3 დედამიწასთან მოახლოებამდე მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე შენიშნეს.

ასტეროიდები იმდენად პატარა და ბნელი ობიექტებია, რომ მეცნიერებს მათი დაფიქსირება განსაკუთრებით უჭირთ. გარდა ამისა, ისინი საოცრად სწრაფად მოძრაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელესკოპი შესაფერის პოზიციაში უნდა იყოს, რათა ასტეროიდი შეამჩნიოს.

საბედნიეროდ, NASA-ს აქვს ასტეროიდთა დაფიქსირების პროგრამა, მაგრამ ის გათვლილია მხოლოდ 140 მეტრზე მეტი სიგანის მქონე ობიექტებზე. 2018 GE3 კი ამ მაჩვენებელზე დაახლოებით სამჯერ პატარა იყო.

მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში ასტეროიდებით გამოწვეული კატასტროფები სულ თითზე ჩამოსათვლელია. 2013 წელს, რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკთან ჩამოვარდა 2018 GE3-ზე ექვსჯერ პატარა ასტეროიდი, რომელმაც 1200 მდე ადამიანი დააზარალა და ზიანი მიაყენა ათასობით შენობას მიაყენა.

მომზადებულია SpaceWeather.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი