NASA-ს ხომალდმა დედამიწა და მთვარე ერთ კადრში გადაიღო — #1tvმეცნიერება
NASA-ს ხომალდმა დედამიწა და მთვარე ერთ კადრში გადაიღო — #1tvმეცნიერება

თქვენ წინაშეა დედამიწის და მთვარის ფოტო. სურათის მარჯვენა მხარეს, რა თქმა უნდა, ჩვენი პლანეტაა, მაგრამ მთვარის შემჩნევა ცოტა რთულია. ხედავთ?

NASA-ს კოსმოსურმა ზონდმა Lucy-მ, რომლის მიზანიც იუპიტერის სიახლოვეს არსებულ ასტეროიდთა კვლევაა, ეს ფოტო 13 ოქტომბერს, დედამიწასთან გადაფრენისას გადაიღო.

ჩვენი პლანეტისა და მისი ბუნებრივი თანამგზავრის ასეთი ხედით გადაღება არც ისე ბევრ კოსმოსურ ხომალდს შეუძლია.

მთვარე დედამიწისგან საშუალოდ 384 000 კილომეტრით არის დაშორებული. კოსმოსური მასშტაბით ეს არც ისე დიდი მანძილია, მაგრამ ამ სივრცეში თავისუფლად მოთავსდებოდა 30 დედამიწა. სწორედ ამიტომ სჭირდებოდათ „აპოლოს“ მისიების ასტრონავტებს მთვარეზე ჩასასვლელად სამი დღე.

NASA-ს მთვარის ახალ რაკეტას, სახელად „კოსმოსური გაშვების სისტემას“, მთვარემდე მისაღწევად 25 დღე დასჭირდება, მას გარს შემოუვლის და კვლავ დედამიწაზე დაბრუნდება. მოკლედ რომ ვთქვათ, მთვარე ჩვენგან საკმაოდ შორსაა.

თუ ამ ფოტოზე მთვარეს ვერ ხედავთ, მინიშნებას მოგცემთ: დააკვირდით სურათის მარცხენა მხარეს.

მთვარე და დედამიწა

 

ზონდმა Lucy-მ დედამიწასთან გადაფრენით დამატებითი გრავიტაციული ბიძგი (დახმარება) მიიღო იუპიტერამდე მისაღწევად.

ეს ფოტო ხომალდის კამერების სისტემამ ინსტრუმენტების კალიბრაციის მიზნით, 611 000 კილომეტრის მანძილიდან გადაიღო.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.