NASA-ს ერთი ხომალდი შვიდ სხვადასხვა ასტეროიდს მოინახულებს
NASA-ს ერთი ხომალდი შვიდ სხვადასხვა ასტეროიდს მოინახულებს

NASA-ს მისია, რომელმაც ერთი ტურნეთი შვიდი სხვადასხვა ასტეროიდი უნდა შეისწავლოს, ოფიციალურად დამტკიცდა. წარმატებული გადამწყვეტი მიმოხილვის შემდეგ, სააგენტომ მისიას ბიუჯეტი გამოუყო და გეგმაც შეუდგინა.

მისიას „ლუსი“ ეწოდება და მისი გაშვება 2021 წლის ოქტომბერში იგეგმება, როცა ის მზის სისტემაში 12-წლიან მოგზაურობას დაიწყებს. გზადაგზა ის ესტუმრება ასტეროიდთა სარტყელში მდებარე ერთ ობიექტს და ექვს სხვადასხვა ასტეროიდს იუპიტერთან, ე. წ. ტროელ ასტეროიდთა წარმომადგენლებს.

NASA-ს განცხადებით, ეს მისია აქამდე მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა, მაგრამ ამჯერად საქმემ წინ წაიწია და ხომალდის მშენებლობა უკვე იწყება.

მისიას სახელი ეწოდა ადამიანთა შორეული წინაპრის, სახელგანთქმული მდედრი ნამარხის, ავსტრალოპითეკ აფარენსისის პატივსაცემად. მეცნიერთა განცხადებით, ეს სახელი იმიტომ შეარჩიეს, რომ ამ ასტეროიდთა შესწავლამ ნათელი უნდა მოჰფინოს მზის სისტემის ადრეულ დღეებს.

ამის მიზეზი ის არის, რომ „ლუსი“ მზის სისტემის ძალზედ სხვადასხვაგვარ არტეფაქტებს შეისწავლის. 2025 წელს, პირველად ის ასტეროიდთა სარტყელში, მარსსა და იუპიტერს შორის გაჩერდება. ამის შემდეგ ის იუპიტერისკენ გაემართება, რომლის სიახლოვესაც მზის გარშემო მოძრაობს ე. წ. ტროელ ასტეროიდთა ორი ჯგუფი. 2027-2033 წლებში „ლუსი“ ექვს სხვადასხვა ასტეროიდს გადაუფრენს, მათ შორის არის სამი სხვადასხვა ქვეკლასის სხეული და ორი ობიექტი, რომლებიც ერთმანეთის გარშემო მოძრაობენ, ე. წ. ბინარული ასტეროიდი.

გაშვების შემდეგ, „ლუსი“ შეუერთდება NASA-ს იმ მისიათა არმიას, რომლებიც მზის სისტემის საიდუმლოებს ასტეროიდებში ეძებენ. ასეთ ხომალდებს შორის აღსანიშნავია Dawn-ი, რომელმაც საბოლოოდ რამდენიმე დღის წინ დაასრულა მისია ჯუჯა პლანეტა ცერერასთან, და OSIRIS-REx-ი, რომელიც ამჟამად მიემართება ასტეროიდ ბენუსაკენ.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.