NASA-მ 21 ახალი თანავარსკვლავედი წარმოადგინა
NASA-მ 21 ახალი თანავარსკვლავედი წარმოადგინა

ღამით, მოწმენდილ ცაზე, თქვენ სულ რამდენიმე თანავარსკვლავედს ხედავთ. ალბათ დიდ დათვს, ორიონს და თქვენი ზოდიაქოს ნიშანს.

მაგრამ ჰალკისა და ალბერტ აინშტაინის თანავარსკვლავედების დასანახად, უთუოდ დაგჭირდებათ მძლავრი კოსმოსური ტელესკოპების დახმარება.

2008 წლის 11 ივნისს, NASA-მ ფერმის გამა-გამოსხივების კოსმოსური ტელესკოპი გაუშვა. ყოველ სამ საათში, ის აახლებს მთლიანი ცის გამა-გამოსხივების ყველა წყაროს რუკას.

სწორედ ამ გამა-გამოსხივების წყაროებზე დაყრდნობით, NASA-მ ახალი თანავარსკვლავედები შეადგინა.

გამა-გამოსხივება სინათლის ყველაზე მაღალი ენერგიის ფორმაა, მაგრამ მისი დანახვა თვალით შეუძლებელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფერმის გამა-გამოსხივების ცის რუკა ძალიან განსხვავდება იმ ცისგან, რომელსაც საკუთარი თვალით ვხედავთ.

ამ დრომდე, ფერმიმ განსაზღვრა გამა-გამოსხივების დაახლოებით 3000 წყარო, რომლებიც მოიცავს ყველაფერს, ნეიტრონული ვარსკვლავებით დაწყებული და შავი ხვრელებით დამთავრებული.

ტელესკოპის 10 წლისთავის აღსანიშნავად, ფერმის ჯგუფმა ამ 30000 წყაროდან 21 ახალი თანავარსკვლავედის შედგენა გადაწყვიტა.

„ამ არაოფიციალურ თანავარსკვლავედთა შექმნა ფერმის ტელესკოპის ათწლიანი საქმიანობის მიღწევების მხიარულად წარმოჩენის მცდელობა იყო“, — წერს NASA.

ახალი თანავარსკვლავედების შექმნისას NASA დაეყრდნო როგორც მეცნიერებას, ისე პოპკულტურას. მათ შორის, თქვენ შეხვდებით ჰალკს, გოძილას, Doctor Who-ს, რომის კოლიზეუმის, ფუჯის მთის, ეიფელის კოშკის, შრედინგერის კატისა თუ ალბერტ აინშტაინის თანავარსკვლავედებს.

ახალი თანავარსკვლავედების ხილვა შეგიძლიათ NASA-ს ინტერაქტიულ ვებგვერდზე. თანავარსკვლავედზე დაჭერით გადახვალთ გვერდზე, სადაც ნახავთ ინფორმაციას მასში არსებული გამა-გამოსხივების წყაროს შესახებ, ინგლისურ ენაზე.