ნარვის ყოფილი მერი: ესტონეთ-რუსეთის საზღვრის ჩაკეტვა ქალაქისთვის მტკივნეული დარტყმაა

13:12, 17.11.2026
ნარვის ყოფილი მერი, კატრი რაიკი.

ნარვის ყოფილი მერი, კატრი რაიკი.

„ესტონეთ-რუსეთის საზღვრის ჩაკეტვა დიდი მოულოდნელობა არ არის, თუმცა სასაზღვრო ქალაქ ნარვისთვის ეს მტკივნეული დარტყმაა. ხალხი ყოველთვის იმედოვნებდა, რომ ეს არ მოხდებოდა“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნარვის ყოფილმა მერმა, კატრი რაიკმა.

„კვირა საღამო ნარვაში ბევრი ოჯახისთვის მძიმე აღმოჩნდა – ადამიანები მსჯელობდნენ, როგორ შეძლებდნენ მომავალში რუსეთში მცხოვრები შვილების, შვილიშვილების და ხანდაზმული მშობლების მონახულებას. არ არის საჭირო უმალვე იმის კითხვა, თუ რატომ ჰყავთ მათ ნათესავები რუსეთში. სასაზღვრო რეგიონების მოსახლეობას მეზობელ ქვეყნებთან ყოველთვის უფრო მჭიდრო კავშირები ჰქონდათ, ვიდრე ქვეყნის შიდა რეგიონებში მცხოვრებლებს. ამჟამად რუსეთში მყოფ ესტონეთის მოქალაქეებს სამშობლოში დასაბრუნებლად ორი კვირა აქვთ. ამის შემდეგ მათ სანკტ-პეტერბურგიდან ნარვაში ჩასვლა, ფაქტობრივად, სტამბოლის გავლით მოუწევთ“, – წერს რაიკი.

„ცხადია, საზღვრის სრული ჩაკეტვა ნარვისთვის ეკონომიკურ დარტყმასაც ნიშნავს. სატვირთო გადაზიდვები, რომლებიც ბოლო წლებში სამხრეთ სასაზღვრო პუნქტის გავლით ხორციელდებოდა, მთლიანად შეწყდება“, – აღნიშნა ნარვის ყოფილმა მერმა.

„საზღვარზე შექმნილი რიგების გამო, რასაც ბევრი აკრიტიკებდა, ხალხი ქალაქში ჩამოდიოდა, აქ იკვებებოდა, ღამეს ათევდა და ტაქსით გადაადგილდებოდა. საათში 10 ევროს სანაცვლოდ, საზღვარზე რიგში დგომა არაერთი ადამიანისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. ამიერიდან ტურისტების რაოდენობაც შემცირდება, რადგან სკანდინავიელ ტურისტებს აღარ სურთ იმ ქვეყნის მონახულება, რომელიც მტრულად განწყობილი რუსეთის მეზობლად მდებარეობს. სიმართლე რომ ვთქვათ, საზღვარზე რიგები და ხიდზე მომლოდინე ხალხის ხილვა ერთგვარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობადაც კი იქცა“, – დასძინა მან.

რაიკის თქმით, საზღვრის ჩაკეტვამ შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს ნარვასა და მიმდებარე რეგიონში ინვესტიციების მოზიდვა.

„დღესაც კი ნარვაში უმუშევრობის დონე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით ორჯერ აღემატება“.

„არც ის ემოციური გავლენა უნდა დავაკნინოთ, რომელსაც საზღვრის ჩაკეტვა ნარვის მცხოვრებლებზე მოახდენს. ნარვა უკვე აღარ არის ის ადგილი, რომელიც ხიდის ფუნქციას ასრულებს – ევროპაში შესასვლელი ქალაქი ჩიხად იქცა. გვიანი შემოდგომის სევდიანმა და დამთრგუნველმა განწყობამ, საბოლოოდ, ჩვენს სახლებშიც შემოაღწია“, – დაწერა მან.

„1 დეკემბერს ესტონეთი რუსეთთან საავტომობილო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს დახურავს“, – განაცხადა კვირას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, საზღვრის ჩაკეტვა დროებითი იქნება თუ მუდმივი.

ესტონეთის მთავრობა საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ოფიციალურ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღებს.

ლატვიის სასაზღვრო გამშვები პუნქტების ელექტრონული რიგის ვებგვერდის, Lvborder.lv-ის მონაცემებით, ლატვია-რუსეთის საზღვარზე საავტომობილო ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ორი პუნქტი – გრებნევასა და ტერეხოვას სასაზღვრო გამშვები პუნქტები ფუნქციონირებს. გარდა ამისა, კვლავ ღიაა ნორვეგია-რუსეთის საზღვარზე არსებული სტორსკოგის საავტომობილო სასაზღვრო გამშვები პუნქტი.

რუსეთ-ფინეთის სახმელეთო საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტები კი 2023 წლის 15 დეკემბრიდან არის დაკეტილი.

სტატიის ავტორი: ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR -Eesti Rahvusringhääling)

ფოტოს ავტორი: დმიტრი ფედოტკინი, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი, 2026 წელი, 10:50 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი