ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

10:44, 16.04.2025

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით მალაიზიის ფედერაციის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავეს.

„სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად მის სამგზავრო ჩანთაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 20 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ტ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი ბანგკოკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი