ნარკოტიკული ნივთიერებების დოზებთან და საპატიმრო სასჯელებთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივას არასამთავრობოები არ ეთანხმებიან
ნარკოტიკული ნივთიერებების დოზებთან და საპატიმრო სასჯელებთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივას არასამთავრობოები არ ეთანხმებიან

ნარკოტიკული ნივთიერებების დოზებთან და საპატიმრო სასჯელებთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას არასამთავრობოები აკრიტიკებენ.

ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლები ფიქრობენ რომ იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროებისა და პროკურატურის მიერ წარდგენილი ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივა რეალურ პრობლემას ვერ გადაჭრის. მესამე სექტორის წარმომადგენელთა აზრით, ხელისუფლება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის რეფორმის დანაწევრებას ცდილობს.

„ჩვენ შემდგომი პროცესების მიმართაც არ გვაქვს იმედი და ვვარაუდობთ, რომ სხვა პრობლემებთან დაკავშირებითაც ხელისუფლება მსგავს ფრაგმენტულ მიდგომებს შემოგვთავაზებს“, – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა გურამ იმნაძემ.

ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივით მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფრაგმენტია წარმოდგენილი, რაც რეალური პრობლემის მოგვარებას ვერ დაეხმარება.

საქართველოს მთავრობა ნარკოტიკული ნივთიერებების დოზებთან და საპატიმრო სასჯელებთან დაკავშირებით პარლამენტს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს. როგორც პირველ არხს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, უწყებათშორისი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე არ გამართულა, რომლის განხილვაც საკანონმდებლო ორგანოში დროებით შეჩერებულია და, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ეხება.

მისი ინფორმაციით, უწყებათშორისმა კომისიამ ორი წინადადება განიხილა, რომელთაგან ერთ-ერთი მონიტორინგის სამსახურის ცენტრის შექმნის საკითხს ეხებოდა, მეორე – ფსიქოაქტიურ და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დოზების განსაზღვრას.