ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა 
ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა 

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს.

ცვლილებების ერთ-ერთი ავტორია დეპუტატი აკაკი ზოიძე, რომელმაც კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს გააცნო, თუ რას ითვალისწინებს წარმოდგენილი პროექტი.

ცვლილებით, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირს, მას შემდეგ, რაც მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოაცხადებს, ავტომატურად აღარ შეეზღუდება მართვის მოწმობა და შრომითი უფლებები, ეს საკითხი მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს.

“არსებობს ნარკოდანაშაულის შესახებ კანონი, რომელიც ნულოვანი ტოლერანტობის დროს არის მიღებული და, რომელიც ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირებისთვის, მიუხედავად იმისა, რა ტიპის დანაშაულია, ავტომატურად ითვალისწინებს შეზღუდვას, რაც არის მართვის მოწმობა, საჯარო სამსახურებში დასაქმება, იარაღის ტარება და ა.შ. აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ კი არ გავაუქმებთ ამ კანონს, არამედ ჩავწერთ, რომ ეს არის მოსამართლის დისკრეცია. ნაცვლად ავტომატური შეზღუდვისა, მოსამართლე გადაწყვეტს, სამოქალაქო უფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს თუ არა”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პრინციპების დონეზე დეპუტატების უმრავლესობა მხარს უჭერს, თუმცა ნაწილს იურიდიულ საკითხებზე გარკვეული კითხვები აქვთ. მათ შორის იმაზე, ექნება თუ არა ამ პროექტს უკუქმედების ძალა და გავრცელდება თუ არა ეს ნორმა იმ პირებზეც, რომელთაც უკვე შეეზღუდათ უფლებები. ასევე შეუძლია თუ არა მოსამართლეს საერთოდ აღარ გამოიყენოს ეს სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა. ამ საკითხების დაზუსტება იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდება.

დატოვე კომენტარი