ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო ეგვიპტეში ტელეწამყვანსა და კიდევ 11 პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებების გამო ეგვიპტეში ტელეწამყვანსა და კიდევ 11 პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ეგვიპტური მედიის ცნობით, ტელეწამყვანი სარა ხალიფა და სხვა პირები კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ, რომლებსაც ნარკოტიკების დასამზადებლად ინგრედიენტები ქვეყანაში შეჰქონდათ.
გამოძიების ინფორმაციით, პოლიციამ 750 კგ-ზე მეტი ნარკოტიკი და მათი წარმოებისთვის იმპორტირებული ნედლეული ამოიღო. მათ ასევე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჰქონდათ.
მედიის ინფორმაციით, ამავე საქმეზე ცხრა ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, შვიდი კი გაამართლეს. ხალიფა ბრალდებებს უარყოფს, მისმა ადვოკატმა კი განაცხადა, რომ ის სიკვდილით დასჯას გაასაჩივრებს.
„ბიბისი“ წერს, რომ 39 წლის ხალიფა ყველაზე მეტად ცნობილია თავისი სატელევიზიო გადაცემით „შეუსრულებელი მისია“, რომელიც კრიმინალურ საკითხებს ეხებოდა.