ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის ფაქტზე დანაშაულებრივი დაჯგუფების ორი წევრი დააკავეს
ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის ფაქტზე დანაშაულებრივი დაჯგუფების ორი წევრი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დანაშაულებრივი დაჯგუფების ორი წევრი – 1975 წელს დაბადებული ა.ზ. და 1998 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავა.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული შვიდიდან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ა.ზ. ორგანიზებას უწევდა დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრებიც მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში სარეალიზაციოდ ამზადებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, კერძოდ, აფასოებდნენ და შემდგომ სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე, სამალავებში ათავსებდნენ.

დაჯგუფების წევრები აღნიშნული სამალავების მისამართებს ნარკოტიკული საშუალებების შეძენის მსურველ პირებს ატყობინებდნენ, რაშიც თანხას დისტანციური არხებით იღებდნენ. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩატარებული ა.ზ.-ს საცხოვრებელი ბინის და ამავე ბინაში მყოფი ექვსი პირის პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ემბაუმი“, „ექსტაზი“, „ჰაშიში“ და​ ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.

პოლიციამ თბილისში ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მითითებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მხილებული არიან დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებიც. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.