"ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა" პრეზიდენტთან შეხვედრას მართავს
"ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა" პრეზიდენტთან შეხვედრას მართავს

“ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” ნარკომოხმარებისთვის მსჯავრდებული პირების გათავისუფლებას ითხოვს.

პლატფორმის წევრი ორგანიზაციები ამ წუთებში პრეზიდენტთან შეხვედრას მართავენ და გიორგი მარგველაშვილს მათ მიერ შემუშავებულ ნარკოპოლოტიკის რეფორმის პროექტს აცნობენ.

მათი თქმით, სურთ ამ საკითხზე პრეზიდენტის აზრი მოისმინონ და იმედი აქვთ, რომ გიორგი მარგველაშვილი ნარკომომხმარებლების ციხიდან გასათავისუფლებლად შესაბამის მექანიზმს შესთავაზებს.

პლატფორმის წარმომადგენლის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, შეხვედრის ძირითადი მიზანია შეწყალების ფორმატის გამონახვა.

“ბუნებრივია, ჩვენ საუბარი გვექნება კანონპროექტის გარშემო, რომელიც პარლამენტშია და  მოვისმენთ პრეზიდენტის შეხედულებას.  გარდა ამისა, შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო, შეწყალების ფორმატის გამონახვა, რომ უზრუნველვყოთ იმ ადამიანების თავისუფლება, რომლებიც დღეს აბსურდული, არარსებული ოდენობისთვის სხედან ციხეში”, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

“ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ კიდევ ერთი წევრის, ერეკლე დეისაძის თქმით, პლატფორმის წევრი ორგანიზაციების მოთხოვნაა პრეზიდენტმა იშუამდგომლოს იმ პატიმრების გასათავისუფლებლად, რომლებიც ციხეში სხედან ჯალათური ნარკოპოლიტიკის გამო.

„აქ საკითხი ნარკოპოლიტიკასაც სცდება. ზოგადად, ქვეყანაში არის პოლიციური ტერორი. მე მაინტერესებს პრეზიდენტის აზრი ზვიად რატიანის ქეისთან დაკავშირებითაც, რომელზეც კითხვები მაქვს”, – განაცხადა ერეკლე დეისაძემ.