ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომას გამართავს
ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომას გამართავს

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

სხდომას საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გაუძღვება.

წინასწარი ინფორმაციით, საბჭოს სხდომას დაესწრება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მოწვევის თხოვნით თეა წულუკიანს გიორგი გახარიამ 17 იანვარს მიმართა.

„მინდა, მივმართო იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, ძალზე კარგი უწყებათაშორისი კომისია არსებობდა, რომელიც ეფექტურად მუშაობდა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. რატომღაც, გარკვეულ პერიოდში მისი აქტიურობა შენელდა. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც შესაძლებელია სერიოზული პროგრესის მიღწევა. მინდა, ვთხოვო თეა წულუკიანს, ეს კომისია რაც შეიძლება მალე მოვიწვიოთ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელზეც შესაძლებელი იქნება შედეგზე ორიენტირებული მსჯელობა“, – აღნიშნა გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის საპასუხოდ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საბჭოს სხდომა უახლოეს პერიოდში იქნებოდა მოწვეული.

ნარკომანიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭო უწყებათაშორისი ორგანოა, რომლის მიზანი ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებაა.

საკოორდინაციო საბჭო განსაზღვრავს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად პოლიტიკას, შეიმუშავებს ქვეყნის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას და მონიტორინგს უწევს მის განხორციელებას.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იუსტიციის სამინისტროში დღეს, 10:00 საათზე დაიწყება.