ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს იუსტიციის მინისტრი უახლოეს დღეებში მოიწვევს
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს იუსტიციის მინისტრი უახლოეს დღეებში მოიწვევს

თეა წულუკიანის თქმით, მისასალმებელი იქნება, თუკი ნარკოპოლიტიკის შესახებ საკითხებზე მუშაობა უწყებათაშორის იმ ფორმატს დაუბრუნდება, რომელიც ამ საკითხებზე აქტიურად მუშაობდა, – ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი შს მინისტრის მიმართვას.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უახლოეს დღეებში, კარიბის ზღვის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე მოიწვევს.

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მოწვევის თხოვნით იუსტიციის მინისტრს შს მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ  მიმართა. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა: „ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც შესაძლებელი იქნება სერიოზული პროგრესის მიღწევა“.

ნარკომანიასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭო უწყებათაშორისი ორგანოა, რომლის მიზანი ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებაა.

საკოორდინაციო საბჭო განსაზღვრავს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგად პოლიტიკას, შეიმუშავებს ქვეყნის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას და მონიტორინგს უწევს მის განხორციელებას.

იუსტიციის მინისტრი კუნძულ ანტიგუაზე კარიბის ზღვის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. თეა წულუკიანის კომენტარს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.