ნარკოდანაშაულზე „კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის“ ტექნიკური მენეჯერი დააკავეს
ნარკოდანაშაულზე „კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის“ ტექნიკური მენეჯერი დააკავეს

სამართალდამცველებმა “კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის” ტექნიკური მენეჯერი დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, მისსავე სამუშაო ადგილზე დააკავეს – ამის შესახებ შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლაა. ჩვენი მიზანია, დროულად აღიკვეთოს მისი გავრცელება და მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოდანაშაული.

დღეს, რამდენიმე საათის წინ, სამართალდამცველებმა “კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტის” ტექნიკური მენეჯერი დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, მისსავე სამუშაო ადგილზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფსიქოტროპულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ, დაკავებულის მიერ გაყიდული ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი პრეპარატ „ლირიკას“ 60 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი სამუშაო ოთახის ჩხრეკისას კი ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინის შემცველი 15 კაფსულა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისივე თქმით, მხოლოდ პირველიდან ხუთი თებერვლის ჩათვლით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი მათ შორის ერთი ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამოღებულია: 44 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი, 125 აბი „სუბოქსინი“ და ჰეროინის შემცველი, დაახლოებით, 60 გრამი ნარკოტიკული საშუალება.