ნარკოდანაშაულში ბრალდებული ირაკლი ქორიძისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს
გასულ წელს თურქეთიდან რეანომობილით 900 აბი ნარკოტიკის შემოტანის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ქორიძისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს.
ბრალის წარდგენის პროცესს მისი ადვოკატები – სალომე ჯანუაშვილი და დავით კორკოტაშვილი ესწრებიან.
ადვოკატ სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, საქმეში ქორიძის წინააღმდეგ მხოლოდ ჯაბა ხულორდავას ჩვენებაა, რომელიც მას გასულ წელსაც ქონდა მიცემული. ადვოკატის განცხადებით, ეს ცრუ ჩვენებაა.
კითხვაზე, რა კავშირი ქონდა ირაკლი ქორიძეს ჯაბა ხულორდავასთან, ადვოკატი ამბობს, რომ გასულ წლებში, როდესაც ქორიძე ნარკოდანაშაულისთვის იყო დაკავებული, ხულორდავა იმ საკნის მეთვალყურე იყო, სადაც ის იყო მოთავსებული.
ადვოკატი ადასტურებს, რომ ხულორდავა კატასტროფის მედიცინის ცენტრში მძღოლად მუშაობდა, თუმცა მისი განცხადებით, ირაკლი ქორიძეს სამსახურში მისი აყვანის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
ადვოკატ სალომე ჯანუაშვილის თქმით, ქორიძის ოჯახში მათ განუცხადეს, რომ ირაკლი ქორიძე წარსულში პოლიტპატიმრის სტატუსით იყო გათავისუფლებული. თუმცა ქორიძის მეორე ადვოკატი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმრის სტატუსით არ გათავისუფლებულა და ეს შეწყალების კომისიის მეშვეობით მოხდა.
დავით კორკოტაშვილის თქმით, მათ 2013 წელს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართეს და სწორედ კომიტეტმა წარუდგინა დასკვნა შეწყალების კომისიას, ხოლო ირაკლი ქორიძე, რომელსაც 30-წლიანი პატიმრობა ქონდა მისჯილი, შეწყალების კომისიამ გაათავისუფლა.
ადვოკატი ამბობს, რომ ირაკლი ქორიძისთვის წარდგენილი ბრალდება პოლიტიკურ მოტივებს ემყარებოდა. ადვოკატების განცხადებით, ირაკლი ქორიძე ბრალს არ აღიარებს.
შსს-ში გუშინ განაცხადეს, რომ ირაკლი ქორიძის ორგანიზებით თურქეთიდან საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემოიტანეს. ამ სქემის განხორციელებაში კი, მას ეხმარებოდნენ ჯაბა ხულორდავა და გიორგი გიორგანაშვილი. შსს-ს ც ცნობით, ნარკოტიკების შემოტანა კატასტროფის მედიცინის ცენტრის რეანომობილით მოხდა.
გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატს გამომძიებელი უკვე დაუკავშირდა და აცნობა, რომ მისთვის ბრალის დამძიმე იგეგმება. მას 8 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის და ახალი მუხლი, რომელსაც ბრალდება წარუდგენს, ორგანიზებულ ნარკოდანაშაულს ეხება.