ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს ბრალი ორი მუხლით წარედგინა
ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ირაკლი ქორიძეს ბრალი ორი მუხლით წარედგინა

გასულ წელს თურქეთიდან რეანომობილით 900 აბი ნარკოტიკის შემოტანის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ქორიძეს ბრალი ორი მუხლით წარედგინა.

ბრალის წარდგენის პროცედურას, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მისი ადვოკატებიც ესწრებოდნენ. მათი ინფორმაციით, ქორიძეს ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და ასევე ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ორგანიზებისთვის.

ადვოკატ სალომე ჯანიაშვილის განცხადებით, ირაკლი ქორიძის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ ჯაბა ხულორდავას ჩვენება დევს, რომელიც მან გამოძიებას ჯერ კიდევ გასულ წელს მისცა. ამ ჩვენებაში კი ხულორდავა ყვება, რომ თურქეთიდან საქართველოში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ორგანიზება ირაკლი ქორიძემ დაგეგმა, თუმცა ბრალდებული ამას უარყოფს.

ადვოკატების შეფასებით, მათთვის უცნობია, თუ გამოძიებას ხულორდავას ეს ჩვენება აქამდეც ჰქონდა, რატომ დააკავეს ქორიძე გუშინ და რატომ არ ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები ამ დრომდე.

ადვოკატი დავით კორკოტაშვილი ფიქრობს, რომ ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმე სავარაუდოდ გიორგი გიორგანაშვილისა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივობას უკავშირდება.

ბრალის წარდგენის შემდეგ, ირაკლი ქორიძისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლო იმსჯელებს. ბრალდების სიმძიმის გათვალისწინებით, პროკურატურამ მის მიმართ, შესაძლოა, საპატიმრო ღონისძიების გამოყენება მოითხოვოს, ხოლო რადგან ქორიძე საქმეში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ადვოკატები აპირებენ, აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოზე გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენონ.

ამის კიდევ ერთ არგუმენტად ადვოკატები იმ გარემოებას ასახელებენ, რომ გასულ წელსაც, როდესაც ხულორდავას ქორიძის წინააღმდეგ ჩვენება ჰქონდა მიცემული, ქორიძე თანამშრომლობდა გამოძიებასთან, მისცა ჩვენება და მას ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანა არ დაუტოვებია.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირაკლი ქორიძე 30 მარტს დააკავეს.