ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს
ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

თბილისში, 1980 წელს დაბადებული ი. გ., 1981 წელს დაბადებული გ. შ. და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელი – 1983 წელს დაბადებული ო. ი. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა მოიპოვეს ოპერატიული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მოქალაქე ნარკოტიკული საშუალების გასაღებას სისტემატურად ახორციელებდა. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგინდა, რომ აღნიშნული პირი – 1980 წელს დაბადებული ი. გ. იყო.

ასევე მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ი.გ.-სგან ნარკოტიკული საშუალების შეძენას ახდენდა გ.შ.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ი.გ. ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება გაასაღა.

მასთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ დაკავებულები გ.შ. და ო.ი. პოლიციამ, ი. გ.-ს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი პრეპარატი „სუბუტექსის“ 16 აბი და აბის ორი ნატეხი ამოიღეს, ხოლო მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა „სუბუტექსის“ ხუთი აბი და ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (მარილი)-ის შემცველი 19 კაფსულა.

ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის ო. ი.-ს პირადი ჩხრეკისას კი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ერთი აბი და აბის ოთხი ნატეხი ამოიღეს, რომელიც მას ი. გ.-მ დაკავებამდე გადასცა. სამართალდამცველებმა გ.შ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 153 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც მას ი.გ.-მ დაკავებამდე გადასცა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება ი.გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა გასაღებას გულისხმობს, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გ. შ-ს მიმართ კი გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტით. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხოლო ო. ი.-ის მიმართ გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.