ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი დაუმძიმდება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი დაუმძიმდება

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი დაუმძიმდება, – ამის შესახებ დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, გიორგანაშვილს მოქალაქე ი.ქ.-სთან ერთად წარედგინება ბრალდება, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის.

„ამ დროისთვის, ჯ.ხ. უკვე მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.გ.-ს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ი.ქ.-სთან ერთად წარედგინება ბრალდება, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის“, – აცხადებენ შსს-ში.

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი („ბახალა“) თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. წარდგენილი ბრალდების თანახმად, გიორგი გ-მ, გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 0,3726 გრამი ნარკოტიკული საშულება „ბუპრენორფინის“ (სუბოტექსი) შემცველი 45 აბი და აბის 4 ნატეხი, რაც 2017 წლის 25 იანვარს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის („ბახალას“) საქმესთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამ თემაზე შსს-ში დღეს ბრიფინგი გაიმართა.