ნარკობარონი ელ ჩაპო აშშ-ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ნარკობარონი ელ ჩაპო აშშ-ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ნარკობარონი ელ ჩაპო აშშ-ის სასამართლომ დამნაშავედ ცნო. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განაცხადეს, რომ მსჯავრდებული მის წინააღმდეგ წაყენებულ ათივე მუხლში დამნაშავეა.

61 წლის ხოაკინ გუსმანი, იგივე ელ-ჩაპო 2016 წელს დააკავეს. მანამდე, ხუთი თვით ადრე, ის მექსიკის ციხიდან რამდენიმეკილომეტრიანი გვირაბის საშუალებით გაიქცა.

წლების წინ ხუაკინ გუსმანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ნარკობარონი იყო. ელ ჩაპო მექსიკის ჩრდილოეთში, ნარკოკარტელ სინალოას ხელმძღვანელობდა. 2009 წელს ხუაკინ გუსმანი ფორბსის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაშიც კი მოხვდა. მას მილიარდი დოლარით 701-ე ადგილი ეკავა.

როგორც ცნობილია, ელ ჩაპოს ზედამხედველობით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ასობით ტონა კოკაინი, ჰეროინი, მეტამფეტამინი და მარიხუანა შეჰქონდათ.

ამასთან, ხოაკინ გუსმანი რამდენიმე ადამიანის მკვლელობაშიც არის დამნაშავე.

სასამართლო მსვლელობის დროს ასევე გაირკვა, რომ მექსიკელი ნარკობარონი 13 წლის გოგონებს ნარკოტიკული ნივთიერებებით აბრუებდა, შემდეგ კი აუპატიურებდა. გუსმანი მცირეწლოვან გოგონებს „ვიტამინებს“ ეძახდა.

ამასთან, გაირკვა, რომ კრიმინალური საქმიანობის დროს ელ ჩაპო მექსიკის რამდენიმე პრეზიდენტს, მათ შორის მოქმედ პირველ პირს, ენრიკე პენა ნიეტოს ქრთამის სახით მილიონობით დოლარს უხდიდა.

ხოაკინ გუსმანი, იგივე ელ ჩაპო სამშობლოსთან ერთად პოპულარობით სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2016 წელს, ციხიდან გაქცევის შემდეგ, ჰოვილუდის ვარსკვლავმა შონ პენმა მასთან მექსიკის ჯუნგლებში ინტერვიუ ჩაწერა. სწორედ ექსკლუზიური ინტერვიუს წყალობით სამართალდამცველები ნარკობარონის კვალზე გავიდნენ და მისი დაკავება მოახერხეს. დაპატიმრების შემდეგ კი ელ ჩაპოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადირება განხორციელდა.