ნარენდრა მოდი - მსოფლიომ ნახა, როგორ დაესწრნენ პაკისტანის არმიის ოფიცრები ტერორისტების დაკრძალვას, ეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტერორიზმის ნათელი დასტურია
მსოფლიომ ნახა, როგორ დაესწრნენ პაკისტანის არმიის ოფიცრები ტერორისტების დაკრძალვას, ეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტერორიზმის ნათელი დასტურია, – ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა.
ინდოეთის მთავრობის ხელმძღვნელის თქმით, ინდოეთი ტერორისტებსა და პაკისტანის მთავრობას ცალ-ცალკე არ განიხილავს. ნარენდრა მოდის განცხადებით, ოპერაცია „სინდური“, რომელმაც პაკისტანში ტერორისტული ინფრასტრუქტურა გაანადგურა, არა მხოლოდ ოპერაცია, არამედ დოქტრინული ცვლილება და ტერორის წინააღმდეგ პოლიტიკა იყო.
მოდიმ ასევე აღნიშნა, რომ ოპერაცია „სინდური“ არ დასრულებულა და ეს იქნება უწყვეტი და გადამწყვეტი ქმედება ინდოეთის მოქალაქეებზე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტერორისტული თავდასხმების წინააღმდეგ.
„ეს ახალი ნორმაა. ინდოეთი გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებს ტერორის გულს, თუ ჩვენს მოქალაქეებს თავს დაესხმებიან. ჩვენ ინდოეთის დასაცავად მკაცრ ნაბიჯებს გადავდგამთ. ოპერაცია „სინდურმა“ ისტორია დაწერა. ჩვენ ჩვენი ძალა უდაბნოში, მთებში გამოვავლინეთ და ჩვენი პოტენციალი ახალი ეპოქის ომში ვაჩვენეთ. ინდოეთის მიერ პაკისტანში ტერორისტული ცენტრების წინააღმდეგ განხორციელებულმა სარაკეტო და უპილოტო აპარატების თავდასხმებმა არა მხოლოდ მათი ინფრასტრუქტურა, არამედ მათი საბრძოლო სულისკვეთებაც შეარყია“, – განაცხადა ნარენდრა მოდიმ.