„ნაპოლის“ ფორვარდი ოსიმენი - მესი და რონალდო ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია #1TVSPORT
„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. კვარაცხელიას თანაგუნდელმა უპასუხა კითხვას, ტურნირზე არგენტინის გამარჯვება ხომ არ ნიშნავს, რომ ლიონელ მესი პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოზე უკეთესია.
„მსოფლიო ჩემპიონატით ვისიამოვნე. ეს ერთ-ერთი საუკეთესო იყო მუნდიალების ისტორიაში, არც ერთი მატჩი არ გამომიტოვებია, მაშინაც კი, როცა თურქეთში საწვრთნელ შეკრებაზე ვიყავით. მსოფლიო ჩემპიონატს პირველად 2010 წელს ვუყურე, როდესაც ტურნირი სამხრეთ აფრიკაში გაიმართა. მაშინ სნეიდერსა და ნიდერნალდებს ვგულშემატკივრობდი. საფრანგეთისა და არგენტინის წლევანდელი ფინალი კი ძალიან სანახაობრივია. მტკივნეული იყო მხოლოდ მაყურებლის როლში რომ დავრჩი და ვერ ვითამაშე. დიდი იმედგაცრუება განვიცადე, როდესაც ნიგერიამ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია, ამდენი შეცდომა დავუშვით და ამის საფასურიც გადავიხადეთ. ახლა ჩვენ ვართ ორიენტირებული 2026 წლის ჩემპიონატზე და მინდა იქ თამაში, რაც არ უნდა მოხდეს.
არგენტინის წარმატების შემდეგ მესის შეიძლება თუ არა ეწოდოს საუკეთესო? მე ასევე მიყვარს კრიშტიანო რონალდო, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთისთვის. რა თქმა უნდა, გულშემატკივრების აზრები იყოფა. ნაწილს უფრო მეტად უყვარს გარკვეული მახასიათებლები, მეორე ნაწილს კი ფეხბურთელში სულ სხვა თვისებები მოსწონს. პირადად მე, როცა მათ მოედანზე შევხვდი, ძალიან გამიხარდა. ცხოვრებაში ისინი იგივე აღმოჩნდნენ, როგორსაც ტელევიზორში ვხედავდი“, – ციტირებს ოსიმენის სიტყვებს Il Matino.