„ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი - ყველამ დაივიწყოს ძველი დამსახურებები, საქმეს ნულიდან ვიწყებთ, ჩემი ოცნება ტიტულების მოგებაა #1TVSPORT
„ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი - ყველამ დაივიწყოს ძველი დამსახურებები, საქმეს ნულიდან ვიწყებთ, ჩემი ოცნება ტიტულების მოგებაა #1TVSPORT

„ნაპოლის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ წარდგენის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის პირველი საჩუქარი ისაა, რომ მე აქ ვიმყოფები. მე და პრეზიდენტს ამბიციები გვაქვს და კვლავ წარმატების მიღწევაზე ვფიქრობთ. ჩემი ოცნება ტიტულების მოგებაა. აქ ამისთვის ვარ. 33 წლის შემდეგ „ნაპოლიმ“ სკუდეტო მოიგო, რაც ფანტასტიკურია, მაგრამ ვფიქრობ, რომ გუნდმა ყოველწლიურად უნდა ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე და იყოს ძალიან მნიშვნელოვანი გუნდი როგორც იტალიაში, ასევე ევროპაში.

ჩემპიონობამ ფეხბურთელებს დიდი თავდაჯერებულობა უნდა შესძინოს, მაგრამ როცა ახალ სეზონს დავიწყებთ, ყველაფერი ნულიდან დაიწყება. შრომის გარეშე დიდი მიზნების მიღწევა შეუძლებელია. მოთამაშეებმა უნდა დაივიწყონ ის, რაც გააკეთეს. ჩვენ წარმატების მისაღწევად დიდი შრომა დაგვჭირდება. ჩემი გუნდები უტევენ, თამაშს აკონტროლებენ, მუდამ ბურთს ეძებენ და მუდამ გატანა სურთ.

არ მინდა, შემადგენლობაში რევოლუცია მოვახდინო. 4-3-3 სქემაც მომწონს, რომელიც შესანიშნავია ამ „ნაპოლისთვის“, მაგრამ გუნდმა თამაში ხშირად უნდა შეცვალოს. მოთამაშეებსაც უნდა ჰქონდეთ ტაქტიკური აზროვნება, რომლითაც მოწინააღმდეგის გავაოცებთ. მე მჭირდება ჭკვიანი მოთამაშეები, რომლებმაც იციან გამარჯვება არა მხოლოდ წინასწარ დასახული გეგმით, არამედ იმპროვიზაციითაც.

ფეხბურთელები ჩემსავით მოტივირებული უნდა იყვნენ. ასე რომ, ჩვენ ვიქნებით ძლიერი გუნდი, რომელიც მუდამ იბრძვის. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებსაც კიდევ უფრო მეტი პოტენციალი გააჩნიათ. ტალანტებთან მუშაობა და მათი გამოჩენა წარსულში მოვახერხე და ახლაც გავაკეთებ. ვიმუშავებ, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი შევინარჩუნო“, – ამბობს რუდი გარსია.