ნაომი ოსაკა ავსტრალიის ღიას ჩემპიონია
ნაომი ოსაკა ავსტრალიის ღიას ჩემპიონია

იაპონელი ნაომი ოსაკა ავსტრალიის ღია პირველობის ტრიუმფატორი გახდა. იაპონელმა ჩოგბურთელმა ფინალურ მატჩში საათსა და 19 წუთში დაამარცხა ამერიკელი ჯენიფერ ბრეიდი – 6:4, 6:3.

იაპონელი ორივე სეტში ფლობდა უპირატესობას და მისი მეტოქე ერთხელაც არ ყოფილა წინ. პირველ სეტში ოსაკამ მეოთხე გეიმში შეასრულა ბრეიკი, მაგრამ იქვე დათმო საკუთარი მოწოდება. ამის შემდეგ, ჩოგბურთელებმა თითო უშედეგო ბრეიკ-პოინტი გაცვალეს. მეათე გეიმში ბრეიდიმ ორი გეიმპოინტი გაფლანგა და მეტოქეს მეორე ბრეიკის შესრულების საშუალება მისცა.

მეორე სეტში ოსაკამ უფრო მარტივად მოიგო – ორმაგი ბრეიკით 4:0 დაწინაურდა. ამას ბრეიდიმ ერთი ბრეიკით უპასუხა და მეტის გაკეთება ვერ შეძლო.

მოთამაშეებმა არც ისე ხარისხიანი ჩოგბურთი აჩვენეს. პირველი მოწოდების სიზუსტე 48 პროცენტი ჰქონდათ, ოსაკამ 24 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ბრეიდიმ – 31, „ვინერსი“ შეცდომაზე უფრო ნაკლები დააგროვეს – შესაბამისად, 16 და 15. ბრეიკ-პოინტების რაოდენობა თითქმის ერთნაირი იყო – ხუთი ოსაკას და ოთხი ბრეიდის, იაპონელმა ოთხი შანსი გამოიყენა, ამერიკელმა – ორი.

ოსაკამ მეოთხედ ითამაშა „დიდი სლემის” ტურნირების ფინალში და მეოთხედ მოიგო. ის არის პირველი ქალი ჩოგბურთელი მონიკა სელეშის შემდეგ, ვინც კარიერაში „დიდ სლემზე“ თავისი პირველი ოთხი ფინალი მოიგო. კაცებში ეს როჯერ ფედერერს აქვს გაკეთებული. შეგახსენებთ, რომ ნაომის ორ-ორჯერ აქვსს მოგებული ავსტრალიის ღია პირველობა.

საერთოდ, ოსაკა „დიდი სლემის“ ჩემპიონატებში არასოდეს მარცხდება გადამწყვეტ ეტაპებზე – ოთხიდან ოთხი მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი აქვს მოგებული.

ოსაკა ღია ერაში მე-16 ქალი ჩოგბურთელი გახდა, ვისაც „დიდ სლემზე“ ოთხი გამარჯვება აქვს. ასეთი მიღწევით აქტიურ მოთამაშეებს შორის არიან – სერენა უილიამსი (23), ვინუს უილიამსი (7) და კიმ კლაისტერსი (4).

ნაომი ოსაკა თანდათან ქალთა ჩოგბურთის ლიდერი ხდება. ბოლო ცხრა „დიდი სლემის“ ტურნირიდან მან მოიგო ოთხი, დანარჩენ ხუთში კი ხუთმა სხვადასხვა ჩოგბურთელმა გაიმარჯვა. თუმცა, იაპონელს ოთხი „სლემი“ ჰარდის საფარზე აქვს მოგებული და აშკარად გასაუმჯობესებელი აქვს თამაში გრუნტსა და ბალახზე. როლან გაროსსა (ექვსი მოგება და ოთხი წაგება) და უიმბლდონზე (4-3) მას მესამე რაუნდზე შორს არ გაუღწევია.

ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) ახალ რეიტინგში ოსაკა მეორე ნომერი იქნება – ის ორ ადგილს მოიგებს.