ნანუკა ჟორჟოლიანი – ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია, ბუბა რისი ბუბაა, რომ გამოვიდეს და სხვისკენ გაიშვიროს ხელი

22:04, 29.10.2020

ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია, – ასე განმარტა „ნაციონალური მოძრაობის“ წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-კონცერზე სიის პირველი ნომრის ბუბა კიკაბიძის მიერ „თბილისოს“ რუსულად შესრულება.

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, ბუბა კიკაბიძემ ყველაზე კარგად იცის, როგორ არ უნდა უმღეროს რუსებს.

„სინამდვილეში ამბავი იყო ასე. ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია. ბუბა რისი ბუბაა, რომ გამოვიდეს და სხვისკენ გაიშვიროს ხელი. ჰოდა, თავის თავზე აიღო, ვითომ არაფერი. სინამდვილეში სცენიდან ყველაზე გაოგნებულმა გამოიხედა, როცა მიხვდა სხვის შეცდომას. ბუბა კიკაბიძემ ყველაზე კარგად იცის, როგორ არ უნდა უმღეროს რუსებს“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-კონცერტზე პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ „თბილისოს“ ნაწილი რუსულად იმღერა. რის შემდეგაც ბუბა კიკაბიძემ განმარტა, რატომ იმღერა „თბილისოს“ ნაწილი რუსულ ენაზე. როგორც კიკაბიძემ აღნიშნა, ორი კუპლეტი „თბილისო“ რუსულად იმღერა, რადგან რუსებს გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანაა საქართველო.

მსგავსი