ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-დან დაითხოვეს
ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-დან დაითხოვეს

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი სახე ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ სამსახურიდან დაითხოვეს. მისი თქმით, ის იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ქიბარ ხალვაში არ უყვარს.

„მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. ჩვენ ამას გაცილებით უფრო ადრე ველოდით. რაც შეეხება ჩემი გათავისუფლების მიზეზს, მე დღეს პაატა სალიამ პირდაპირ ეთერში შემატყობინა – გამათავისუფლა იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაში არ მიყვარს და არ ვგულშემატკივრობ. კონტრაქტში არ მიწერია, რომ რომელიმე მფლობელი უნდა მიყვარდეს. მიწერია, რომ უნდა ვაკეთებდე რეიტინგულ გადაცემას, რომელიც არხისთვის არის შემოსავლიანი და ამას აკეთებდა „ნანუკას შოუ“ წლების განმავლობაში ძალიან წარმატებით.

მე ისევ, როგორც ნოდარ მელაძეს, ჩვენი წყაროები გვყავს. მათ შორის, სამწუხაროდ, ქიბარ ხალვაშთან დაახლოებულ პირებს ვიცნობ, რომლებმაც მითხრეს, რომ ქიბარი ვერ იტანდა ჩემ მიერ გამოხატულ სიმპათიებს მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების მიმართ. ეს უფრო მაკვირვებს, რადგან სალიამ დღეს თქვა, რომ ის ელაპარაკება იმ ადამიანს წამყვან პოზიციაზე – ნინო შუბლაძეს, რომელიც სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს აკეთებდა იმ „კურიერს“, რომელიც არ მოსწონდა ჩვენს მაყურებელს. ადამიანს, რომელიც რამდენიმე თვის წინ მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან საკმაოდ გავლენიან პოზიციაზე“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ამასთან, ჟურნალისტი აცხადებს, რომ მისთვის პენსიაზე გასვლა ნაადრევია.

„არც ერთხელ არცერთი ლარი პრემია ამ არხიდან ნანუკა ჟორჟოლიანს არ აუღია. თანხებს, რომელიც შემოჰქონდა ბიუჯეტში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“, ვიყოფდით წილობრივად. ბინები, პროცენტები, პრემიები – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს მყარი კონტრაქტები და ნიკა გვარამიას მადლობა ამ კონტრაქტებისთვის. მის ფასს ახლა მივხვდი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შენობიდან გავდივარ ძალიან წელგამართული და ტექნიკურ თანამშრომლებს მინდა ვუთხრა მადლობა – მიყვარხართ. ერთხელ მე მომიწია ამ არხიდან წასვლა, დავბრუნდი და არავინ იცის მომავალში რა იქნება. მაქვს შემოთავაზება არა მხოლოდ ტელევიზიებიდან, არამედ კერძო ბიზნესიდან, თუმცა ვთვლი, რომ ადრეა პენსიაზე გასვლა და ალბათ, ისევ ტელევიზიაში დავბრუნდები. თან მანამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია, აუცილებლად მას მოვუშლი ნერვებს, პირობას ვაძლევ“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდნენ სამსახურიდან. მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოხდება. მისივე თქმით, გათავისუფლებულთა შორის იქნებიან გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და სხვა თანამშრომლები.

დატოვე კომენტარი