ნანა შაშიაშვილი - თუ ფარმაცევტი მედიკამენტს ურეცეპტოდ გასცემს, საქმიანობის უფლება სამი წლით ჩამოერთმევა
ნანა შაშიაშვილი - თუ ფარმაცევტი მედიკამენტს ურეცეპტოდ გასცემს, საქმიანობის უფლება სამი წლით ჩამოერთმევა

ავტორიზებულ აფთიაქებში ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემისთვის ბოლო ათი წლის განმავლობაში სანქციები 800 ლარიდან 6 000 ლარამდე გაიზარდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა, ნანა შაშიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ეტაპობრივი ზრდა იყო. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, გვაქვს 12 000–ლარიანი ჯარიმა და აფთიაქის დახურვა. იყო მოსაზრება, რომ სანქციის გაზრდა პრობლემის გადაჭრის გზა იქნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პრობლემა მაინც დარჩა, რადგან ამან უკანონო მიმოქცევის არხებში გასასვლელად წამლის ფასის ზრდა გამოიწვია“, – განაცხადა შაშიაშვილმა.

როგორც შაშიაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ სანქციის გაზრდა საკმარისი არ იყო, რამდენიმე სახის საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა.

„მათ შორის, გამკაცრდა სანებართვო პირობები. კერძოდ, დღეის მდგომარეობით, ყველა ფარმაცევტს აღარ აქვს უფლება, ამ ტიპის აფთიაქების პასუხისმგებელი პირი გახდეს. ამას განსაზღვრული კვალიფიკაცია და სპეციალიზაცია სჭირდება. ასევე თუ დაწესებულება ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემასთან დაკავშირებით კანონს დაარღვევს, ის ნებართვის მფლობელი ვეღარ გახდება“, – განაცხადა შაშიაშვილმა. 

ნანა შაშიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ფარმაცევტის მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაში, დღეს პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის დასმა ხდება, რაც ორი წლის წინ არ არსებობდა.

„თუ ფარმაცევტი კანონს დაარღვევს და ფსიქოტროპულ მედიკამენტს ურეცეპტოდ გასცემს, ის სამართალდამრღვევ პირთა რეესტრში ფიქსირდება, რის შემდეგაც სამი წლის განმავლობაში ამ სფეროში მუშაობის უფლება ჩამოერთმევა. ფარმაცევტებს, რომლებიც ამგვარ დაწესებულებებში მარტივად მიდიოდნენ და კანონს მარტივად არღვევდნენ, დღეს შიში აქვთ, რომ საქმიანობის უფლება ჩამოერთმევათ და ასეთ ნაბიჯს აღარ დგამენ. ამიტომ აფთიაქებისთვის ძალიან პრობლემატური გახდა ისეთი პირის პოვნა, რომელიც ასეთ საქმიანობას დათანხმდება“, – განაცხადა შაშიაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა აღმოიფხვრას პრობლემა იმ პირობებში, როცა აფთიაქის მფლობელები სხვა სახელით რეგისტრირდებიან და ჩვეულ საქმიანობას განაგრძობენ, ნანა შაშიაშვილმა აღნიშნა, რომ დროთა განმავლობაში, გამოწვევები იცვლება და კანონმდებლობის, მარეგულირებელი თუ მაკონტროლებელი ორგანოების ცვლილებაც მუდმივად, გამოწვევების შესაბამისად ხდება.

„ასეთი არა ერთი ფაქტი იქნა დადასტურებული და სამართალდამცავი უწყებებისთვის მიწოდებული. ახალი გამოწვევების პარალელურად, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება და ამ კუთხით მოდუნება არც ერთი წუთით არ ხდება“, – განაცხადა ნანა შაშიაშვილმა.